იმუნიტეტი კი გიცავთ, მაგრამ პატივი ეცით ჩემს ქვეყანას! - კვირის პალიტრა

იმუნიტეტი კი გიცავთ, მაგრამ პატივი ეცით ჩემს ქვეყანას!

უცხო ქვეყნების სამხედრო ინსტრუქტორებთან დაკავშირებით ინციდენტები მომავალშიც მოსალოდნელია

თბილისში, სასტუმრო "ვარაზთან" მომხდარ ჩხუბს, რომელშიც სამი ამერიკელი სამხედროც მონაწილეობდა, შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა პოლიტიკურ აჟიოტაჟში არ გადაზრდილა. შეიძლება რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას ძალიანაც უნდოდა ამ ინციდენტის გაბერვა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა, რადგან ჩხუბს, ჩანს, მართლაც მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზეზები ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ძნელი ასატანია, რომ უცხო, თუნდაც მეგობარი ქვეყნის არმიის წარმომადგენელი შენს დედაქალაქში მუშტებს და, მით უმეტეს, ბოთლებს აქეთ-იქით იქნევს.

აყალმაყალი ამერიკელ სამხედროებთან პირველად არ მომხდარა და ზოგიერთი შემთხვევა საგანგებოდ მიიჩქმალა. თუმცა ბევრ ფოთელს ემახსოვრება ამერიკელ სამხედრო მეზღვაურთა გათამაშება ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტ ქალებთან, რაც ამერიკელი მეზღვაურების ცემით დასრულდა. ისე, საპორტო ქალაქებისთვის ამგვარი რამ უცხო ხილი არ არის და ასეთი საქციელი არა მარტო ამერიკელი, არამედ სხვა ქვეყნის მეზღვაურებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია.

აშშ-მა იცოდა თავისი სამხედროების ხასიათი და ეტყობა, რამდენიმე წლის წინ საქართველოსთან ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაში ამიტომ მიუთითა მკაფიოდ, საქართველოში მივლინებით მყოფი ამერიკელი სამხედროები სარგებლობენ დიპლომატიურ სტატუსთან გათანაბრებული იმუნიტეტითო. თუკი ამერიკელი სამხედრო საქართველოში ჩაიდენს დანაშაულს, იგი გადაეცემა ამერიკულ მხარეს და მას აშშ-ის სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.

ამ იმუნიტეტის შესახებ, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს არ გაათამამებთ და პატივს სცემენ ჩვენი ქვეყნის კანონებს.