სამშობლოს დაცვას სკოლის მერხიდან უნდა სწავლა... - კვირის პალიტრა

სამშობლოს დაცვას სკოლის მერხიდან უნდა სწავლა...

ნუთუ მიხვდნენ, რომ სამხედრო-პატრიოტული აღზრდა სკოლის ასაკიდან იწყება?!

"საქართველოში უსათუოდ უნდა იყოს ძლიერი შეიარაღებული ძალები და ეს შეუძლებელია, თუ არ აღიზრდებიან საბრძოლო სულისკვეთების მქონე პროფესიონალი ოფიცრები", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას და დაამატა, ახალგაზრდები კადეტთა კორპუსში პროფესიონალ ოფიცრებად უნდა ჩამოყალიბდნენო. მაგრამ როდისთვის, ბატონებო? ვინ გააუქმა კადეტთა კორპუსი? ვინ შეამცირა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში 4-წლიანი სწავლის პროცესი რამდენიმე თვემდე? ვინ გააუქმა სამხედრო კათედრები უმაღლეს სასწავლებლებში? დაბოლოს, ვინ დაიწყო კადრის, გამოცდილი ოფიცრების დათხოვა არმიიდან?

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველაფრის აღდგენა ერთი ხელის დაკვრით შეიძლება, ძალიან ცდება.

ნურავის ეგონება, საქართველოსთვის შეიარაღებული კონფლიქტების ეპოქა დამთავრდაო. იქნება საქართველო დამოუკიდებელი, თუ რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, სამხედრო საქმის ცოდნა სამშობლოს ჭეშმარიტ პატრიოტებს (მიუხედავად ყველაფრისა, საბედნიეროდ, ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან) ყოველთვის დასჭირდებათ.

რატომ უნდა დაიწყოს 25-30 წლის ახალგაზრდამ ელემენტარული სამხედრო ნიუანსების სწავლა შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამსახურის დროს?

5-10 წლის დაკარგვა დაუშვებელია, ამიტომ უნდა აღდგეს სამხედრო საქმის სწავლების საწყისი კურსი საშუალო სკოლების მაღალ კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

რეზერვისტთა მომზადების 18-დღიანი პროგრამის კრახი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ნათლად გამოჩნდა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ 18-19 წლის ყმაწვილების უდიდესი ნაწილი ავტომატს ხელში პირველად რეზერვისტთა ბანაკში იჭერდა.

საწყისი სამხედრო მომზადების ახალი კურსი საშუალო სკოლებში რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რასაც ვიცნობდით.

ამ კურსის მთავარი მიმართულებები იქნება სამოქალაქო თავდაცვა, პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქვეითთა ძირითადი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა.

ის, რომ სამოქალაქო თავდაცვის ნიუანსების (როგორ მოიქცე საჰაერო დაბომბვის, მასობრივი თუ სტიქიური არეულობების დროს) ცოდნა თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია, ჩვენმა რთულმა ცხოვრებამ ცხადად დაგვანახვა. პირველი სამედიცინო დახმარების შესწავლის აუცილებლობაშიც, იმედია, არავინ შეგვედავება.

ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა, ეტყობა, ნებაყოფლობით უნდა მოხდეს და ვინც ამ კურსს გაივლის, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს, რაც გამოადგება ძალოვან და სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის დასაწყებად.