ГРУ ისევ გვზვერავს და ისევ ბრალს გვდებს... - კვირის პალიტრა

ГРУ ისევ გვზვერავს და ისევ ბრალს გვდებს...

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ახალი შეფი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მოძველებულ მონაცემებს ახმოვანებს

კვირა არ გავა, რომ რუსეთის სხვადასხვა დონის მოხელემ საქართველოს რაიმე ახალი ბრალდება არ წაუყენოს. არც ამ ბრალდებას მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა მისი გამხმოვანებლის თანამდებობა - ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი გახლავთ.

გასულ კვირას რუსეთის სამხედრო დაზვერვას 91 წელი შეუსრულდა და, ეტყობა, ამ თარიღთან დაკავშირებით მიცემულ სხვადასხვა ინტერვიუში ГРУ-ს უფროსმა განაცხადა, NATO-ს წევრი ქვეყნები საქართველოს იარაღს აწვდიან, ისრაელი - უპილოტო საფრენ აპარატებს, ხოლო უკრაინა -  მძიმე ტექნიკასო. ეს რუსული ბრალდებები აგვისტოს ომამდე და განსაკუთრებით მას შემდეგ არაერთხელ მოგვისმენია, ГРУ-ს ახალი უფროსისგან უფრო ცინცხალ ბრალდებებს ველოდით, თორემ ისრაელში ნაყიდი უპილოტოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დალია ჩაილურის წყალი...

გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ შლიახტუროვი, ГРУ-ს უფროსად 2009 წლის აპრილის ბოლოს დაინიშნა არმიის გენერალ ვალენტინ კორაბელნიკოვის ნაცვლად.

გამოდის, რომ ექვსი თვის განმავლობაში ГРУ-ს ახალმა უფროსმა მართლაც ვერ მოიპოვა ახალი ინფორმაციები საქართველოსთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების შესახებ (რაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა), ან რუსეთის შიშით მართლაც აღარ უთმობენ იარაღს ოფიციალურ თბილისს. თუმცა ვიცით, რომ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი (თუმცა მცირე) პარტიები მაინც შემოდის საქართველოში და თუკი რუსეთის ГРУ ისევ ძველ სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა, ეს მისი თავში სახლელია.

იარაღის შესყიდვების ბრალდებაზე უფრო სახიფათო ის გახლავთ, რომ ГРУ-ს უფროსი ამტკიცებს, ოფიციალური თბილისი ნელ-ნელა აღადგენს ქართული არმიის პოტენციალს და შეიძლება ახალი შეტევები დაიწყოს ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებითო. ეს არის მსოფლიოს ყურისთვის გამიზნული ერთგვარი საინფორმაციო ომის მუდმივი შეტევითი ატრიბუტი, საქართველოს აგრესორად წარმოსაჩენად. სამწუხაროდ, რუსეთის ამ ბრალდებებს საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება, თავისი გაუთვლელი საქციელით ზოგჯერ წყალსაც ასხამს...