ეშელონირებული რუსული საზღვარი ქართულ მიწაზე იწყება - კვირის პალიტრა

ეშელონირებული რუსული საზღვარი ქართულ მიწაზე იწყება

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის დირექტორის, არმიის გენერალ პრონიჩევის მოხსენება მოისმინა, რომელშიც ძირითადად ყურადღება რუსეთის სამხრეთ საზღვრის გამაგრებას დაეთმო.

გენერალმა პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრის ჩრდილო კავკასიის მონაკვეთის უსაფრთხოების სისტემა გადატანილია შორეულ მისადგომებთან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სასაზღვრო ზოლის ინჟინრული მოწყობა რუსეთის საზღვრის გაძლიერებას ემსახურება.

მოსკოვი არც აქამდე მალავდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს ორი ქვეყნის - რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად გადაქცევას უპირებდა, რისთვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ათასზე მეტი მესაზღვრე გადმოისროლა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ყოველწლიურად რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სტრუქტურულად რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის - ФСБ-ის - შემადგენლობაში შედიან, რამდენიმე სამხედრო ქალაქს აშენებდნენ, რომელთა შორის მოეწყო საკონტროლო ზოლები და საიდუმლო ჩასაფრების ადგილები.

რუსმა მესაზღვრეებმა შექმნეს მრავალეშელონირებული სასაზღვრო რაიონი, ანუ ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს საზღვარი კავკასიის ქედიდან შიდა ქართლამდე "ჩამოაჩოჩეს", რითაც, მათივე აზრით, მოცემულ მონაკვეთზე ჩრდილო კავკასიის უსაფრთხოება გააძლიერეს.

რუსი მესაზღვრეები, სამხედროებისგან განსხვავებით, შეიარაღებაში სწრაფად იღებენ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასაკონტროლებლად ისინი უპილოტო საფრენი აპარატების, ღამის ხედვის მოწყობილობებისა და თბოვიზორების გამოყენებასაც აპირებენ.

საიდუმლო საფარში დაყენებული ღამის ხედვის მოწყობილობებითა და მით უმეტეს, თბოვიზორებით, რუს მესაზღვრეებს ადვილად შეეძლებათ, გააკონტროლონ ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვარი ღამითაც და ცუდი ხილვადობის პირობებშიც.

უპილოტო საფრენი აპარატები, მათ შორის - ისრაელში შექმნილი, რომელთა ლიცენზირებული წარმოება რუსეთმა ამ დღეებში დაიწყო, რუს მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სადაზვერვო ფრენები განახორციელონ კონფლიქტის ზონის მომიჯნავე ქართული დასახლებული პუნქტების თავზე ან სულაც, ცენტრალური საავტომობილო გზისა და რკინიგზის სიახლოვეს.