რაც უნდა დაერქვას, მაინც "გრად-კრაზად" დარჩება - კვირის პალიტრა

რაც უნდა დაერქვას, მაინც "გრად-კრაზად" დარჩება

თავდაცვის მინისტრმა ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის სახელის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებულს თავდაცვის სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს ჰპირდება.

საუბარია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის იმ დანადგარზე, რომელიც პირველად ამა წლის მარტში ვაზიანის პოლიგონზე წარადგინეს და რომლის პრეზენტაციას თავად პრეზიდენტი დაესწრო.

მანამდე პრეზენტირებული "დიდგორისა" და "ლაზიკისაგან" განსხვავებით, ამ საარტილერიო დანადგარის სახელი არ უთქვამთ, თუმცა "კვირის პალიტრამ" ის მაშინვე "გრად-კრაზად" მონათლა.

"გრად-კრაზის" სახელი "გრად-ლარის" მიბაძვით შევარჩიეთ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველომ ისრაელისგან შეიძინა "მერსედესის" სატვირთო ავტომობილებზე დაყენებული გასაშვები დანადგარები, რომლებზეც 160 მმ-იანის გარდა, "გრადის" 122 მმ-იანი უმართავი რაკეტების 40-ლულიანი გასაშვები პაკეტიც მონტაჟდებოდა და მას "გრად-ლარს" უწოდებდნენ.

სახელი "გრად-კრაზი" ზუსტად განსაზღვრავს, რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება ეს ახალი დანადგარი: უკრაინაში ნაყიდი КРАЗ-6322 ტიპის სატვირთო ავტომობილის ძარაზე დაამონტაჟეს საბჭოთა წარმოების БМ-21 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მოხსნილი 122 მმ-იანი უმართავი რაკეტების გასაშვები 40-ლულიანი პაკეტი.

ამ სიმბიოზში ნოუ-ჰაუს წარმოადგენს 5-კაციანი შეჯავშნული კაბინა, რომელიც "გრადისგან" განსხვავებით, ბევრად უკეთ იცავს ეკიპაჟს ახლოს აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებისგან, მაგრამ ამასთანავე, მნიშვნელოვნად ამძიმებს მთლიანად საბრძოლო მანქანას.

კარგია, რომ "გრად-კრაზს" შესაფერის ქართულ სახელს უძებნიან. გავიხსენოთ - ებრაული ფირმა "ელბიტის" მიერ თავის დროზე მოდერნიზებულ, თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებულ Су-25КМ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს "მიმინო" ეწოდა. "დიდგორსა" და "ლაზიკას" უკვე ყველა იცნობს, თუმცა, ჯერჯერობით, ასევე უსახელოა უპილოტო საფრენი აპარატიც, რომლის სახელის შერჩევაზე მორიგ კონკურსს თავდაცვის მინისტრი, ალბათ, მოგვიანებით გამოაცხადებს.