რატომ იღუპებიან რიგითები მშვიდობიანობის დროს? - კვირის პალიტრა

რატომ იღუპებიან რიგითები მშვიდობიანობის დროს?

21 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის დაღუპვის შესახებ. სამხედრო უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავენ. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

13 ივლისს თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყებოდა რიგითი კობა მახარაშვილის გარდაცვალების შესახებ.

როგორც ამბობენ, ორივე შემთხვევაში ახალგაზრდების დაღუპვის მიზეზი გასროლაა. ასეთ დროს შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს განზრახ ან შემთხვევით მკვლელობასთან, ან სულაც - თვითმკვლელობასთან.

კობა მახარაშვილის გარდაცვალების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გამოძიების დასრულებისთანავე ცნობილი გახდებოდა საქმის დეტალები, თუმცა მას შემდეგ 6 კვირა გავიდა და თავდაცვის სამინისტრო ჯერ ისევ დუმს. სავარაუდოდ, არც ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნდა ელოდოს საზოგადოება მალე იმის გაგებას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

რატომ იღუპებიან რიგითები მშვიდობიანობის დროს?

დღეს სამხედრო მოსამსახურეები ნამდვილად უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე შევარდნაძის დროს იყვნენ, მაგრამ მშვიდობიანობის პერიოდში ჯარისკაცთა დაღუპვა ნამდვილად საგანგაშოა.

გასული წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგად, შეიძლება, ყაზარმებში გახშირდა ე.წ "დედოვშჩინისა" თუ კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შემთხვევები.

თუკი ორივე ჯარისკაცის - კობა მახარაშვილისა და ჯაბა გაბიტაშვილის - ტრაგიკული დაღუპვა მართლაც ყაზარმული გარჩევების შედეგია, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას რადიკალური ზომების მიღება დასჭირდება, რათა "დედოვშჩინამ" და კუთხურობამ უფრო ფართო მასშტაბები არ მიიღოს.