სპეცოპერაცია საზღვართან და უპასუხო კითხვები - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია საზღვართან და უპასუხო კითხვები

გასულ კვირას მოხდა ის, რასაც საქართველო გადაურჩა 10 წლის წინ, როდესაც პანკისის ხეობიდან უბრძოლველად გაიყვანეს ჩრდილოკავკასიური მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმი გელაევის მეთაურობით.

ამჯერად შეიარაღებული შეტაკება ვერ ავირიდეთ; დაიღუპა საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი, ხუთი დაიჭრა, მოკლულია შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოდან რუსეთის, კერძოდ, დაღესტნის ტერიტორიაზე გადასვლა ვეღარ შეძლო. სავარაუდოდ, ამ ჯგუფს საზღვრის მეორე მხარეს რუსეთის სპეცსამსახურები ელოდნენ, რომელთაც საშუალება მიეცემოდათ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ შეიარაღებულმა რაზმმა რუსეთში სწორედ საქართველოდან შეაღწია.

ძნელი სათქმელია, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, არ არის გამორიცხული, კრემლს ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად გამოეყენებინა(!).

28-30 აგვისტოს კახეთში, სოფელ ლაფანყურიდან ჩრდილოეთით, საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი ეჭვი და ჭორი გააჩინა, განსაკუთრებით - პირველ დღეებში, რადგან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმაციას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ძალიან ძუნწად ავრცელებდნენ.

სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს უცნობი შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენამ, რომელმაც, ხელისუფლების განცხადებით, ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა აიყვანა მძევლად, თავიდანვე რამდენიმე ვერსია გააჩინა.

პირველი - ეს იყო რუსეთის რომელიმე სპეცსამსახურის (მაგალითად, ГРУ-ს) სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადმოსასვლელებს (მათ შორის - ყადორის უღელტეხილსაც) ზვერავდა. არ იყო გამორიცხული, ამ შეიარაღებულ ჯგუფს მიზნად კონკრეტული დივერსიული აქტის განხორციელებაც ჰქონოდა.

მეორე - ლოპოტის ხეობაში გამოჩნდა ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული რაზმი, რომელიც დაღესტანში რუს ფედერალებს ებრძოდა და დროებით თავი საქართველოს ტერიტორიას შეაფარა.

მესამე - ეს შეიძლება ყოფილიყო კრიმინალური ჯგუფი, რომელიც სამართალდამცველებს უღრან ტყეში ემალებოდა.

არსებობდა მეოთხე ვერსიაც - საზღვარი გადმოკვეთა ჩრდილოკავკასიელთა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც უშუალოდ ან ირიბად რუსეთის სპეცსამსახურები მართავდნენ. საქართველოს ტერიტორიიდან უკან, დაღესტანში, გადასვლისას ისინი "აღმოაჩენდნენ" ამ ჯგუფს და საქართველოს მთელი მსოფლიოს გასაგონად რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების მომზადებასა და შეგზავნაში დასდებდნენ ბრალს.

ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, ცხადი გახდება, რომ ეს იყო ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული რაზმი, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა,  მართავდა თუ არა მას რუსული სპეცსამსახური (ამას მხოლოდ მაშინ გავიგებდით, თუკი ქართული სპეცსამსახურები ამ რაზმის რომელიმე წევრს ცოცხლად აიყვანდნენ).

მძევლების საკითხიც ბევრ კითხვას ბადებს. მათი თანასოფლელები აცხადებენ, რომ იმ რაზმის წევრები ხუთივე მათგანს კარგად ექცეოდნენ და გამოშვებისას ფულიც კი აჩუქეს.

სავარაუდოდ, ამ ჯგუფმა მძევლები დროებით იმიტომ აიყვანა, რომ მოულოდნელად წააწყდა მათ ხეობაში; ცხადია, ჯგუფის მეთაურს არ სურდა, ბარში ჩასულებს მათ შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ და მდევარი გამოჩენილიყო.

შეიარაღებული ჯგუფის მთავარი ამოცანა გახლდათ, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა საქართველო, თუმცა ამ თემაზე მოლაპარაკებისას ქართული მხარის კატეგორიულ წინააღმდეგობას წააწყდა (ალბათ, იმიტომაც, რომ ოფიციალურ თბილისს არ სურდა, საქართველოს მხრიდან ჩრდილო კავკასიაში გადასულიყო შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც საზღვართან უკვე ელოდნენ რუსი სპეცრაზმელები).

ჯგუფის წევრებმა არ მოისურვეს იარაღის დაყრა და ჩაბარება, რასაც შეტაკება მოჰყვა (ისე, საინტერესოა, რომ ჩაბარებოდნენ და მერე მოსკოვს მათი გადაცემა მოეთხოვა, რას მოიმოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება?).

შეტაკებამდე ქართულმა მხარემ სპეციალური სადაზვერვო აპარატურა (მათ შორის ღამის ხედვის მოწყობილობებით და თბოვიზორებით აღჭურვილი) და უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

საზღვრის პირას საბრძოლო შვეულმფრენებისა და უპილოტო სადაზვერვო აპარატის ფრენას შეიძლებოდა რუსეთის გაღიზიანება მოჰყოლოდა, თუმცა ქართული მხარის განცხადებით, მათ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით საქმის კურსში ჩააყენეს მოსკოვი.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოკადრებში შეიძლება შეიარაღებული რაზმის წევრთა ცხედრებისა და მათი იარაღის ნახვა. აღჭურვილობა და შეიარაღება სწორედ ისეთია, როგორსაც ჩრდილოკავკასიური ჯგუფები ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტყეებსა და მთებში რუსეთის ფედერალური ძალების დანაყოფებზე პარტიზანული თავდასხმებისას იყენებენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შეტაკების ადგილზე აღმოჩენილი ღამის ხედვის მოწყობილობა, რომელიც თბოვიზორის ფუნქციასაც ასრულებდა და ამ რაზმის წევრებს ღამით და ცუდი ხილვადობის პირობებში მთებში გადაადგილებასა და მდევრების აღმოჩენას უადვილებდა.

ტრადიციული ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების, ПКМ ტყვიამფრქვევების, СВД  სნაიპერული შაშხანებისა და "კალაშნიკოვების" გარდა ჯგუფის შეიარაღებაში აღმოჩნდა დასავლური წარმოების თანამედროვე სნაიპერული მაყუჩიანი შაშხანაც.

რაც შეეხება უშუალოდ შეტაკების დაწყებას, ხუთ ახალგაზრდას ჯერ მესაზღვრე ჩაენაცვლა მძევლად; შემდეგ იგი შსს-ს ოფიცერმა შეცვალა.

ამ უკანასკნელმა შტაბთან საკონტაქტოდ ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც მობილური ტელეფონით დარეკვა შესაძლებელი იქნებოდა. მას ორი, ავტომატით შეიარაღებული "ბოევიკი" ახლდა. ქართულმა სპეცრაზმმა სწორედ ამ დროს მოკლა ერთ-ერთი მათგანი.

ასეთია ოფიციალური ვერსია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაიღუპა ორი ქართველი სპეცრაზმელი და სამხედრო ექიმი, როგორ დაიჭრა ხუთი მებრძოლი. თუმცა ერთ-ერთი მათგანი, როგორც ჩანს, ფეხში ამ ჯგუფის დაყენებული ნაღმის აფეთქების შემდეგ დაიჭრა.

რა გახდა ჩვენი სხვა მებრძოლების დაღუპვისა და დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ეს უპასუხო კითხვები კი საზოგადოებას უჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ სპეცოპერაციის დეტალებს ასაიდუმლოებს ან ალამაზებს, რათა თავისი ქმედება უფრო პროფესიონალურად წარმოაჩინოს.

P.S. ერთ-ერთი ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს თან ქართული "ბარამბოს" შოკოლადიც ჰქონდათ. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, რომ ეს ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღე იმყოფებოდა და ჰყავდა გამცილებელიც, რომელიც მათ ქართული სოფლების მაღაზიებში ნაყიდი პროდუქტით ამარაგებდა. თუკი ეს შეიარაღებული ჯგუფი მართლაც ერთი კვირა ან უფრო მეტხანს იმყოფებოდა საზღვისპირა რაიონში და მისი აღმოჩენა მხოლოდ მოქეიფე ახალგაზრდებთან შემთხვევით შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი, აშკარაა, რომ სასაზღვრო პოლიცია და კონტრდაზვერვა არცთუ კარგად მუშაობს.

მეორე მხრივ, თუკი ქართულმა სპეცსამსახურებმა მანამდეც იცოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ამ შეიარაღებული ჯგუფის შემოსვლის შესახებ და აქტიურ ზომებს არ იღებდნენ, ჩნდება მეხუთე ვერსიაც, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დღევანდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში. კერძოდ, ამ ვერსიის თანახმად, ქართული მხარე კარგა ხანს თანამშრომლობდა ამ შეიარაღებულ ჯგუფთან, მაგრამ გასულ კვირას ისინი რაღაცაზე (თუნდაც იარაღის ჩაბარებაზე) ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც სახელმწიფომ "ბრჭყალების" გამოჩენა გადაწყვიტა და სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ამ ჯგუფის განადგურების ბრძანება მიიღეს ისე, რომ ტყვეები არ აეყვანათ(!).