თბილისის თავზე რუსი მედესანტეები გამოჩნდებიან?! - კვირის პალიტრა

თბილისის თავზე რუსი მედესანტეები გამოჩნდებიან?!

სექტემბრის მეორე ნახევარში სომხეთში დაგეგმილია სამხედრო სწავლება Взаимодействие-2012-ის ჩატარება, რომელიც ОДКБ - "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ფარგლებში გაიმართება.

სწავლების მთავარი თემაა პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიება და შემდგომ კონტრშეტევაზე გადასვლა, რომელშიც სომხეთის არმიის გვერდით КСОР-ის სხვა ქვეყნების საბრძოლო დანაყოფებმაც უნდა იმოქმედონ.

დსთ-ის ქვეყნების მიერ შექმნილი ОДКБ-ს წევრი ქვეყნების რიგებში დღეს სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან. ამ ორგანიზაციის სამხედრო კომპონენტის - КСОР-ის (ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები) რიცხოვნობა 20 ათასი მებრძოლითაა განსაზღვრული, რომლის დიდ ნაწილს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ.

საერთოდ, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების გამართვა ყოველთვის ყურადსაღებია და განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს ოფიციალური თბილისისგან.

ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიც არის, რომ სომხეთში სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ივანოვოს 98-ე დივიზიის დანაყოფიც აპირებს ჩასვლას.

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ეს რუსი მედესანტეები სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით თუ მოხვდებიან. არადა, საქართველომ შეწყვიტა რუსეთის სამხედრო ტრანზიტი სომხეთისკენ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით.

საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ამ რუსული 98-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის (რომელიც ქ. ივანოვოშია დისლოცირებული) 331-ე და 217-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკების თითო-თითო ბატალიონი და ამავე დივიზიის 1065-ე საარტილერიო პოლკის ჰაუბიცების დივიზიონი აქტიურად მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში.

აქედან გამომდინარე, ოფიციალურ თბილისს წესით, უნდა გაუჩნდეს სამართლებრივი პროტესტის გამოხატვის სურვილი, რათა იმ რუსმა მედესანტეებმა, ვინც ოთხი წლის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს, ქართულ ცაში ისევ აქეთ-იქით არ იფრინონ.

სომხეთში გასამართ ამ სამხედრო სწავლებას საქართველოზე მეტად, ეტყობა, აზერბაიჯანში დააკვირდებიან, რადგან ოფიციალურ ბაქოს არაერთხელ განუცხადებია, თუკი მშვიდობიანი მოლაპარაკებით ვერ დავიბრუნებთ მთიან ყარაბაღს, აზერბაიჯანი არც ძალის გამოყენებას მოერიდებაო.

არ არის გამორიცხული, ОДКБ-ს КСОР-ის სამხედრო სწავლება Взаимодействие-2012-ს სომხეთის ტერიტორიაზე იმიტომაც ატარებენ, რომ ერთგვარად მიანიშნონ ოფიციალურ ბაქოს - თუკი განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, КСОР-ის სხვადასხვა ქვეყნის საბრძოლო დანაყოფები (და უპირველესად რუსი მედესანტეები) სომხეთის ინტერესებს დაიცავენ.