საქართველოს დამბომბველი რუსული Су-24М-ი ინტერნეტის "გმირი" გახდა - კვირის პალიტრა

საქართველოს დამბომბველი რუსული Су-24М-ი ინტერნეტის "გმირი" გახდა

2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთმა საქართველოს ცაში სხვა თვითმფრინავებთან ერთად ორი Су-24М  ტიპის საფრონტო ბომბდამშენი დაკარგა. მაშინ გახდა ცნობილი სოფელ ძევერასთან ჩამოვარდნილი რუსული ბომბდამშენის პილოტის გვარი, რომელსაც ქართველმა ექიმებმა უმკურნალეს და შემდეგ ჩვენს ტყვეებში გაცვალეს (ამავე ბომბდამშენის ეკიპაჟის მეორე წევრი, შტურმან-ოპერატორი, კატაპულტირებისას დაიღუპა).

ამ დღეებში კიდევ ერთი რუსული Су-24М-ის პილოტის ვინაობა გავიგეთ, რომელიც ჩეჩნეთის ორივე ომში მონაწილეობდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ქართულ დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა.

ეს არის 45 წლის პოდპოლკოვნიკი ალექსეი მიჟენკო, რომელიც მოროზოვსკის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული Су-24М ტიპის ბომბდამშენთა პოლკის მფრინავია.

მისი გაშიფვრა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც დონის როსტოვი-ვოლგოგრადის საავტომობილო ტრასაზე მოძრავი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორებმა მის თავზე, სულ რაღაც, 30-40 მ სიმაღლეზე Су-24М ტიპის 40-ტონიანი საფრონტო ბომბდამშენის გადაფრენა დააფიქსირა.

ამ ვიდეორგოლმა ინტერნეტი "ააფეთქა" და ის მილიონობით ადამიანმა ნახა. წესით, ამ ბომბდამშენის ეკიპაჟს საფრენოსნო წესების უხეში დარღვევისთვის სასჯელი ელოდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტომ ისინი გაამართლა იმით, რომ რთულ საჰაერო მანევრებს ახორციელებდნენ. თუკი ამ ვიდეორგოლს სრულად ვნახავთ, გამოჩნდება, რომ შეიძლება ბომბდამშენის ეკიპაჟი ავტოსტრადაზე დაჯდომის მანევრის იმიტირებას ახდენდა (სხვათა შორის, ქუთაისთან, კოპიტნარის აეროდრომთანაც მოასფალტებული გზა გაგანიერებულია, რაც საბჭოთა პერიოდში შემთხვევით არ გაუკეთებიათ - კოპიტნარის აეროდრომის  დასაფრენი ბილიკის დაბომბვის შემთხვევაში (რაც მოხდა კიდეც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს) საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები აფრენა-დაფრენას ამ გაფართოებული გზატკეცილიდან შეძლებდნენ).

ეს 30წმ-იანი ვიდეორგოლი ბევრისთვის მორიგ ინტერნეტგართობად იქცა, ჩვენთვის კი საქართველოს დამბომბველი კიდევ ერთი რუსი პილოტის ვინაობა გავშიფრეთ...