არმიის სასარგებლოდ გადადებული სტუდენტობა - კვირის პალიტრა

არმიის სასარგებლოდ გადადებული სტუდენტობა

პირველკურსელ სტუდენტებს, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა უჭირს, თავდაცვის სამინისტრო ერთწლიან ჯარსა და შემდგომ ოთხწლიან სასწავლო დაფინანსებას ჰპირდება

პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგ ინიციატივას თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური სახე მისცა და წლევანდელ პირველკურსელ სტუდენტ ვაჟებს ახალი, საინტერესო, თუმცა შეიძლება საკამათო არჩევანი შესთავაზა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც 2012-2013 სასწავლო წლისთვის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარეს, მაგრამ ვერ (ან ნაწილობრივ) მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, შეუძლიათ, ჯერ თორმეტთვიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ კი მათი სწავლის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

არჩევანის საშუალება ყოველთვის კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში კითხვები მაინც ჩნდება.

აბიტურიენტი, რომელიც ემზადება ჯერ სკოლის გამოსაშვები გამოცდების, ხოლო შემდგომ - უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის, ინარჩუნებს ცოდნის გარკვეულ დონეს, რაც უცილებელია უმაღლეს სასწავლებელში კონკრეტულ საგნებში ცოდნის კიდევ უფრო ამაღლებისთვის.

თავად განსაჯეთ, სტუდენტს, რომელიც უსახსრობის გამო იძულებული გახდება, დათანხმდეს თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებას და აუდიტორიის ნაცვლად ერთი წელი ყაზარმაში გაატაროს, სასწავლებელში დაბრუნებისას ემახსოვრება აბიტურიენტობისას ნასწავლი?

1980-იანი წლების შუა ხანებში ჩვენს თაობასაც მოუხდა უმაღლესი სასწავლებლების დღის დასწრებული ფაკულტეტების ორი წლით მიტოვება და საბჭოთა ჯარში სამსახური, რაც ჩვენი სწავლის ხარისხზე დადებითად არ ასახულა.

მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა: რატომ დასჭირდა თავდაცვის უწყებას სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის დამატებითი ძალა?

საქმე ის არის, რომ შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით  დაკომპლექტებაში პრობლემებმა იჩინა თავი. მიზეზი ის არის, რომ არმიასთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტის ხელმომწერთა რაოდენობა მცირდება, ხოლო უმრავლესობას იმათგან, ვინც კონტრაქტით მსახურობს, მისი გაგრძელება არ სურს (სწორედ ამითაა განპირობებული შეღავათების დიდი ჩამონათვალი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამას წინათ შესთავაზეს კონტრაქტის ხელმომწერებს).

გარდა ამისა, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 1700 კაცამდე გაზრდის შემდეგ (სადაც მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეებს გზავნიან), სავარაუდოდ, ბრიგადების დაკომპლექტებაც გაძნელდა და ამ პრობლემის მოგვარებას სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის (მათ შორის - ნებაყოფლობით ერთი წლით სტუდენტობაშეჩერებული) ახალგაზრდებით სურთ.