Кавказ-2012 საქართველო და დაღესტანი - კვირის პალიტრა

Кавказ-2012 საქართველო და დაღესტანი

ჩვენი მოსაზღვრე დაღესტანი დღეს რუსეთის ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად იქცა. რას უქადის ეს საქართველოს?

17 სექტემბერს, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ფართომასშტაბიანი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება Кавказ-2012 დაიწყება.

თითქმის ასეთივე სწავლება - Кавказ-2008 - ოთხი წლის წინ მართლაც იქცა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული საბრძოლო დანაყოფების ბაზად, რადგან ამ სწავლების მომიზეზებით მაშინ მოსკოვმა როკის გვირაბთან დიდ ძალას მოუყარა თავი.

გამეორდება თუ არა ოთხი წლის წინანდელი ტრაგედია?

ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს, ზოგიერთი კი მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და აცხადებს, რომ რუსეთმა სპეციალურად დაამთხვია Кавказ-2012-ის დაწყება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და შესაძლოა, არჩევნების შედეგების შეცვლაც კი მოინდომოს.

სინამდვილეში მოსკოვს ეს სწავლება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის არ დაუმთხვევია. მისი დაწყების დრო მანამდე იყო ცნობილი, სანამ ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა.

უფრო მეტიც. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის - გენშტაბის წარმომადგენლებმა, დაადასტურეს, რომ ამ სწავლების წინასწარ გეგმაში გამოირიცხა მე-4 (ცხინვალის რეგიონი), მე-7 (აფხაზეთის) და 102-ე (გიუმრი, სომხეთი) რუსული სამხედრო ბაზების აქტიური მონაწილეობა, რათა ოფიციალურ თბილისს საბაბი არ მისცემოდა, მოსკოვი საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში დაედანაშაულებინა.

კრემლის ეს ერთგვარი უკან დახევა (თუკი, რა თქმა უნდა, რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები არ ცრუობენ), შესაძლოა, დასავლეთის და პირველ რიგში NATO-ს არაერთგზის მოთხოვნის შედეგი იყოს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, ვერ აუკრძალავენ რუსეთს თავის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების ჩატარებას, თუმცა მოსკოვს ამ სწავლებებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ.

ღფდრფპ-2012-ის საერთო მონაცემები ცნობილია: მასში რუსეთის შეიარაღებული ძალების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ შსს-სა და უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფებიც - სულ 8 ათასამდე კაცი, 200-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 100-მდე საარტილერიო დანადგარი, ათიოდე სამხედრო ხომალდი და კატარღა (როგორც შავი ზღვის ფლოტიდან, ისე კასპიის ზღვის ფლოტილიიდან), ხოლო ავიაცია 80-მდე გაფრენას განახორციელებს.

სწორედ აქ უნდა ამოვიცნოთ მოსკოვის სამხედრო ეშმაკობა: თუკი სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის რაოდენობა 10 ათას კაცს გადააჭარბებდა, რუსეთი იძულებული გახდებოდა, დასთანხმებოდა დასავლეთს და სწავლებაზე უცხოელი სამხედრო დამკვირვებლები დაეშვა, 8 ათასი სამხედროს მონაწილეობა კი მას ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, რომ ამ სწავლების ფარგლებში რუსეთის გენშტაბმა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან, დაღესტანში, თითქმის მთელი დივიზია გადმოისროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის შავი ზღვისპირა ქალაქ ნოვოროსიისკში დისლოცირებული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია (დივიზიის პირადი შემადგენლობა 6 ათას კაცს აღწევს), რომელსაც სპეციალურად ამზადებენ მთაგორიან რელიეფზე მოქმედებისთვის და მისი პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს შეუძლია 2 000 მ სიმაღლეზე, მთებში, აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, დივიზიის სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფის ალპინისტებს კი საბრძოლო დავალების შესრულება 3 000 მ სიმაღლემდეც ძალუძთ.

ეს საყურადღებო ნიუანსია, რადგან საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი სწორედ მთაგორიანია, ხოლო აქ არსებული ყადორის უღელტეხილის სიმაღლე - 2363 მ. მართალია, ამ უღელტეხილზე მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადმოსვლა გაჭირდება, მაგრამ მსუბუქად შეიარაღებული რუსი სამთო მედესანტეების მიერ ამ უღელტეხილის გადმოლახვა რთული არ იქნება.

2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც აგვისტოს ომის დაწყებამდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად იყო დაძაბული (გაიხსენეთ ინციდენტები განმუხურში, ზუგდიდში, რუსული ბომბდამშენების გამოჩენა ცხინვალის თავზე და სხვა), დღეს ასეთი დაპირისპირება არ შეიმჩნევა, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ღფდრფპ-2012 საქართველოს წინააღმდეგ რუსულ სამხედრო აგრესიაში არ გადაიზრდება.

ერთ-ერთი საშიშროება არის ის, რომ რუსეთის ფედერალური ძალები დაღესტნის სამხრეთ რაიონებში შეიარაღებული რაზმების სალიკვიდაციოდ ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებენ. თუ უკანდახეულ ჩრდილოკავკასიელთა შეიარაღებული ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვლენ, კრემლი განაცხადებს, რომ საქართველო ხელს უწყობს საერთაშორისო ტერორიზმს და რუსეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს, შეშფოთებისა და აღშფოთების საპასუხოდ კი საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენებს, რომ აშშ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში სწორედ ასეთ ანტიტერორისტულ ოპერაციას 10 წელზე მეტია, ახორციელებს და არავის აქვს უფლება, რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლის გამო უსაყვედუროს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და სულაც არ არის აუცილებელი, მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს. მეორე მხრივ, 1999 წლის ბოლოსა და 2000 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერალურმა ძალებმა სწორედ ასეთი ტაქტიკით, სამი მხრიდან შეუტიეს ჩეჩნეთის შეიარაღებულ ძალებს და ისინი სამხრეთით, საქართველოსკენ გადმორეკეს. მაშინ შატილის გავლით ჩეჩნეთიდან საქართველოში ასობით შეიარაღებული პირი შემოვიდა. ისინი შევარდნაძის ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში შეუშვა და საქართველო რუსული ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების საშიშროების წინაშე დააყენა. ასე გაგრძელდა 2002 წლამდე, როცა ამ შეიარაღებული დაჯგუფების უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანეს.

რას მოიმოქმედებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, თუკი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა მართლაც დაიწყეს დაღესტანში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების საქართველოს საზღვარზე გადმოდევნა?