რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები? - კვირის პალიტრა

რატომ დამალა თავდაცვამ მოწამლული ჯარისკაცები?

მთავარი სამხედრო უწყება შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს

გასულ კვირას ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 35 (ან უფრო მეტი) სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოწამვლის დიაგნოზით ჯერ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სააგენტოებს მიაწოდა სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც მოწამლულ ჯარისკაცებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და ისინი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანა.

ამ მართლაც საგანგაშო ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია - მათ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. არადა, საქმე, სავარაუდოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს ეხება და ბუნებრივია, ყველა მშობელი, ვისი შვილიც ჯარში მსახურობს, სერიოზულად არის შეშფოთებული.

რადგან თავდაცვის სამინისტრო დუმს, ”კვირის პალიტრამ” თავად სცადა, გაერკვია, შეესაბამებოდა თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოვიპოვეთ: 7 სექტემბერს თბილისის საავიაციო ქარხნის ”თბილავიამშენის” (რომელიც 2010 წლის 3 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა) ტერიტორიაზე შუადღის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით სასწრაფო დახმარების შვიდი მანქანა შევიდა. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო დანაყოფის ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, სავარაუდოდ, სასადილოს საკვებით მოიწამლნენ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში სწორედ ეს დანაყოფი მონაწილეობდა და ამისთვის პრეზიდენტის მადლობაც დაიმსახურა.

არავინ უარყოფს, რომ სამხედრო სასადილოებში საკვების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე თუნდაც დაახლოებით ათი წლის წინ, თუმცა სამხედროების მოწამვლის ფაქტები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია. მსგავსი შემთხვევა რეზერვისტთა ბანაკებშიც არაერთხელ მომხდარა.

დღეს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებაზე პაუხისმგებელი არიან კერძო ფირმები. რა თქმა უნდა, ცნობილია, რომელი ფირმა ამარაგებდა ”თბილავიამშენის” ტერიტორიაზე განთავსებული საინჟინრო დანაყოფის სასადილოს და თუკი ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი მართლაც ამ ფირმის მოწოდებული საკვები ან სასმელი გახდა, მომხდარის ობიექტური გამოძიება აუცილებელია.