ომი სირიაში, საქართველო და გეოპოლიტიკა - კვირის პალიტრა

ომი სირიაში, საქართველო და გეოპოლიტიკა

საქართველოს სირიასთან, სადაც წელიწადზე მეტია, სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, საერთო საზღვარი არ აქვს. ჩვენ თურქეთის ტერიტორიის 441კმ-იანი მონაკვეთი გვყოფს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიის მოვლენები ჩვენს ქვეყანაზეც ახდენს გავლენას.

პირველი - აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სირიიდან ლტოლვილ 13 ოჯახს უკვე გამოუყო საცხოვრებელი სახლები დრანდის დასახლებაში. კიდევ ოთხი ოჯახი ჯერჯერობით სოხუმში, სასტუმროში ცხოვრობს, მაგრამ მალე ისინიც დაკმაყოფილდებიან ბინებით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ სირიიდან ლტოლვილები სწორედ იმ სახლებში შეასახლეს, საიდანაც მათი კანონიერი მფლობელები - ქართული ოჯახები - დიდი ხნის წინ გააძევეს.

სირიაში სამოქალაქო ომის დიდხანს გაგრძელება ალბათ, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ქვეყნიდან ლტოლვილთა რიცხვს გაზრდის.

მეორე - სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ ჩრდილოკავკასიელთა შორის, შესაძლოა, იყვნენ პანკისის ხეობაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქისტებიც.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის (რომელიც თავის დროზე თავისი კარგად მომზადებული დანაყოფით პანკისში იმყოფებოდა და მთელი საქართველოს გავლით სოხუმისკენ საბრძოლო რეიდიც კი განახორციელა) შვილი რუსტამი სირიაში ბრძოლისას დაიღუპა და აგვისტოში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

მესამე - თუკი NATO-ს წევრმა ქვეყნებმა და პირველ რიგში - აშშ-მა გარისკა და სირიის სამოქალაქო ომში ღიად ჩაერია (როგორც ეს ლიბიაში, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობისას მოხდა), არ არის გამორიცხული, მოსკოვმა აქტიური მოქმედება დაიწყოს და გიუმრიში თავისი სამხედრო ბაზის გაძლიერების მიზნით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო კოლონების სომხეთში გაყვანა ძალისმიერი მეთოდებით სცადოს.

ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საქართველოს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომთან აკავშირებს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ამ კავშირმა?

სირიის სამოქალაქო ომში საქართველოს მოქალაქე მუსლიმების ეპიზოდური მონაწილეობა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე გავლენას არ მოახდენს, დანარჩენი ორი ფაქტორი კი ნამდვილად ყურადსაღებია.

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას უფრო შორეულს გახდის, თუმცა ეს საფრთხე დამოკიდებული იქნება ლტოლვილთა რაოდენობაზე და არ გვგონია, ათიათასობით ადამიანის ჩამოსახლება იყოს მოსალოდნელი.

სირიის სამოქალაქო ომში დასავლეთის ღია სამხედრო ჩარევა ჯერჯერობით საეჭვოა, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ NATO ამ კონფლიქტში არ ჩაერევა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ აშშ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი სირიის ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის ან მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

ოფიციალური ვაშინგტონის ეს განცხადება ალ-ასადის მუქარის ერთგვარი პასუხია - სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მის საშინაო საქმეებში ჩარევასა და შეიარაღებული ოპოზიციის მხარდაჭერას გაბედავენ, ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ (რომელსაც ამ პოსტზე დარჩენა სურს) გაბედოს და სირიის რეჟიმს ომი გამოუცხადოს.

დასავლეთი, რა თქმა უნდა, ისედაც ეხმარება სირიაში ამბოხებულებს, მაგრამ ეს დახმარება ფარულად და მესამე ქვეყნების გავლით ხდება. მიუხედავად ამისა, დასავლეთში ხვდებიან, რომ აშკარა სამხედრო მხარდაჭერის გარეშე აჯანყებულები მიზანს ვერ მიაღწევენ, ისევე, როგორც ლიბიის შეიარაღებული ოპოზიცია ვერ დაამხობდა მუამარ კადაფის რეჟიმს, რომ არა ამერიკული ფრთოსანი რაკეტები - "ტომაჰავკები" და ფრანგული გამანადგურებელ-ბომბდამშენები - "რაფალები".

სირიის სამოქალაქო ომი დასავლეთის სამხედრო ძალის ჩარევის გარეშე მალე არ დამთავრდება, რაც ირანის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რადგან სანამ არ მოგვარდება სირიის პრობლემა, დასავლეთი ირანის ატომურ ობიექტებზე შეტევას არ დაიწყებს.

სწორედ ამიტომ, ოფიციალური თეირანი პრეზიდენტ ალ-ასადის რეჟიმს საბრძოლო საჭურვლით ამარაგებს და სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად "ისლამური რევოლუციის დამცველების" კორპუსის მეომრებს გზავნის.

საქართველოს ინტერესებში არ შედის როგორც სირიის, ისე ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყება, რადგან ჩასაფრებულმა მოსკოვმა ეს შეიძლება საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის, წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენოს.

უახლოეს წარსულში ასეთი რამ უკვე მოხდა, როდესაც დასავლეთის (პირველ რიგში კი - აშშ-ის) მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მაშინ კრემლს არ შეეძლო, სერბეთის დაშლისა და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ხელი შეეშალა, ისევე, როგორც ვაშინგტონმა ვერ შეძლო მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ხელის შეშლა.