КАВКАЗ-2012-ით საზოგადოებას ვეღარ დააშინებენ... - კვირის პალიტრა

КАВКАЗ-2012-ით საზოგადოებას ვეღარ დააშინებენ...

გაეროში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია იმით, რომ განაცხადა - რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "კავკასია - 2012" სპეციალურად დაამთხვია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს და რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება კვლავ დიდიაო.

ერთი მხრივ, მართლაც, როდესაც გახსოვს, რომ ჩრდილო კავკასიაში მობილიზებული, ღფდრფპ-2008-ის მონაწილე რუსული სამხედრო შენაერთები შემდეგ საქართველოში შემოიჭრნენ, მეტი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა - ორმხრივი სროლა აღარ ისმის. თანაც რუსეთის ხელისუფლებამ მაშინ მთავარ მიზანს მიაღწია: ოკუპირებული ტერიტორიების სრული კონტროლი შეძლო და მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

დღეს რუსეთის სამხედრო აგრესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუკი საქართველოს ხელისუფლება კვლავ წამოეგება პროვოკაციას და გახსნის ცეცხლს (მათ შორის - საარტილერიოსაც)...

თუ მოვლენებს ამ კუთხით შევხედავთ, КАВКАЗ-2012-ისა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღის დამთხვევა მართლაც სახიფათო ჩანს, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს დამთხვევა არა რუსული სამხედრო სწავლების ორგანიზატორების, არამედ საქართველოს ხელისუფლების "ბრალია". КАВКАЗ-2012 სექტემბრის მეორე ნახევარში რომ გაიმართებოდა, თითქმის ნახევარი წლის წინ იყო ცნობილი, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი კი მხოლოდ ორი თვის წინ გამოცხადდა.

არსებობდა საფრთხე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან (განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონსა და ცხინვალთან) შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყებოდა და ხელისუფლება არჩევნებს გადადებდა (თუმცა, სტატიის დაწერის დროს, 29 სექტემბერს, ჯერჯერობით, მშვიდობაა და იმედია, 1-ელ ოქტომბრამდეც, და შემდეგაც ასე იქნება).

КАВКАЗ-2012-ის გარეშეც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებულ მე-7 (აფხაზეთი) და მე-4 (ცხინვალის რეგიონი) რუსულ სამხედრო ბაზებზე თავმოყრილია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს. ამასთან, ეს ბაზები ერთგვარი პლაცდარმია, რომლებზეც დამატებითი ძალისა და შეიარაღების გადმოსროლა მოსკოვს ოპერატიულად შეუძლია.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იძულებული ვართ, ამ სიტუაციას შევეგუოთ, რადგან დღეს საქართველოში მთავარია საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარება.