მოსკოვმა ბაქო სამი წლით დაიყოლია - კვირის პალიტრა

მოსკოვმა ბაქო სამი წლით დაიყოლია

გაბალის რადიოლოკაციურ სადგურზე რუსი სამხედროები 7 მლნ დოლარის საფასურად 3 წელი კიდევ დარჩებიან...

24 დეკემბერს ვადა გასდის 2002 წლის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლითაც აზერბაიჯანში, გაბალაში განთავსებული მძლავრი, ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგური რუს სამხედროებს არენდით აქვთ აღებული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაქოსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შემდგომ ბედზე. აზერბაიჯანულმა მხარემ ყოველწლიური არენდის ფასის 7 მლნ-იდან 300 მლნ დოლარამდე გაზრდა მოითხოვა, რამაც კრემლი აღაშფოთა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ გაბალის რადიოლოკატორზე უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან იგი არ აპირებს, ბაქოს ყოველწლიურად 300 მლნ დოლარი გადაუხადოს.

გაბალის რადიოლოკატორს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით რუსეთი აკონტროლებს ახლო აღმოსავლეთის, ასევე ირანისა და თურქეთის საჰაერო სივრცეს.

რა თქმა უნდა, მოსკოვს ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ სურს და როგორც ჩანს, ამიტომაც არ მიატოვა მოლაპარაკების მაგიდა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, მოსკოვმა ბაქო კვლავ 7 მლნ დოლარად, ხელშეკრულების კიდევ სამი წლით გაგრძელებაზე დაიყოლია.

რატომ წავიდა აზერბაიჯანის ხელისუფლება დროებით დათმობაზე, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს აზერბაიჯანის მიერ რუსეთში თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის - "ფავორიტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას.

ფაქტია, რომ გაბალის რადიოლოკატორს, რომელსაც სარაკეტო სტარტების ადრეულად აღმოჩენა შეუძლია, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ მან ყარაბაღის პრობლემა გადაწონოს და ბაქოს ყარაბაღის ძალით დაბრუნების პროცესის დასაწყებად მწვანე შუქი აუნთოს.