რუსეთის აგენტობას ხომ ვეღარ დამაბრალებენ... - კვირის პალიტრა

რუსეთის აგენტობას ხომ ვეღარ დამაბრალებენ...

20 წელზე მეტია, სამხედრო ჟურნალისტიკაში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ათი ათასამდე სტატია მაქვს დაწერილი, მაგრამ ამ სტატიის დაწერა ძალიან მიჭირს, რადგან ის უშუალოდ მე, "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველსა და სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს - ირაკლი ალადაშვილს - მეხება.

საქმე ის არის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელისუფლებო სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლისა და პირველ რიგში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის - ბაჩო ახალაიას მხრიდან იყო მცდელობა, რომ მე რუსეთის აგენტობაში დავედანაშაულებინე და სამშობლოს ღალატის მუხლით გავესამართლებინე.

2011 წლის გაზაფხულზე ბაჩო ახალაიას დავალებით დაიწყო ზეწოლა გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლკოვნიკზე (მის ვინაობას ჯერჯერობით არ ვამხელთ; თუკი თავად ისურვებს, მის გვარსა და სახელს ყველა გაიგებს), რომ მას ეღიარებინა, თითქოს საიდუმლო ინფორმაციებს მაწვდიდა.

ეს პოლკოვნიკი საქართველოში თავისი სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია, არის აფხაზეთის ომის გმირი (მტრის ზურგში, სადაზვერვო ოპერაციის დროს, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლი დანაღმული ველიდან გამოიყვანა და ზურგით ორი დღე და ღამე ატარა); მან აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ დროებით ოკუპირებულ გორში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ურთულესი ამოცანა შეასრულა.

მასთან ერთად რამდენჯერმე მომიწია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყოფნამ, რამაც დაგვამეგობრა, მოგვიანებით კი ეს მეგობრობა ნათელმირონობაში გადაიზარდა.

როგორც ჩანს, სწორედ ეს ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა გახდა იმის მიზეზი, რომ ჩემზე კომპრომატებს სწორედ მას სთხოვდნენ.

ორი თვის განმავლობაში სამხედრო პოლიციაში სისტემატურად მიმდინარეობდა მისი დაკითხვა; ეუბნებოდნენ - თუკი იტყოდა, რომ ირაკლი ალადაშვილს თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციას აწვდიდა, მას არაფერს დაუშავებდნენ, "არსენალის" მთავარ რედაქტორს კი რუსეთის აგენტობას დააბრალებდნენ და ციხეში ჩასვამდნენ.

როდესაც ორთვიანმა ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო, ბაჩო ახალაიამ ეს პოლკოვნიკი თავის კაბინეტში დაიბარა და დაშინებით სცადა მისი დაყოლიება. პოლკოვნიკმა საოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინა და ბაჩო ახალაიას განუცხადა, რომ ირაკლი ალადაშვილთან მეგობრობა უფრო ძვირად უღირდა, ვიდრე მაღალი თანამდებობა გაერთიანებულ შტაბში და თავდაცვის მინისტრის კაბინეტის კარი გაიჯახუნა.

ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიცოდი, თუმცა ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით ვდუმდი; ვიცოდი ისიც, რომ უსმენდნენ ჩემს ტელეფონს და დამყვებოდნენ უკან; ამიტომ იძულებული გავხდი, კონტრზომები მიმეღო - საქმის კურსში ჩავაყენე მედიასახლ "პალიტრის" ხელმძღვანელობა, ასევე ჩემი კოლეგები ევროპაში, რომლებსაც გადავეცი მასალები ჩემი უდანაშაულობისა და ბაჩო ახალაიას პირადი დაინტერესების შესახებ; თუკი რაიმე პროვოკაციას მომიწყობდნენ, ეს მასალები მაშინვე გამოქვეყნდებოდა.

რომ არა ერთი ადამიანის ვაჟკაცობა, რომელიც არ შეუშინდა მინისტრის მუქარას და არც სამხედრო პოლიციის ღამეულ დაკითხვებზე იკადრა ცილისწამება, შეიძლებოდა, ჩემს წინააღმდეგ ისეთივე საქმე შეეთითხნათ, როგორიც ფოტოკორესპონდენტების წინააღმდეგ "შეკერეს".

"ნაცმოძრაობის" ხანა სრულდება, რუსეთის აგენტობას ვეღარ დამწამებენ, მაგრამ იცით, გული რაზე მტკივა?

ჩემთვის სამშობლოს ღალატის დაბრალება უნდოდათ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი და ჩემი თანამებრძოლების გვერდით არც 1992 წლის გაზაფხულზე მდგარან ტყვიების წვიმაში თამარაშენში, არც გუმისთაზე გამხდარან სნაიპერის სამიზნეები, არც ქართველი სამხედრო ტყვეები გამოუყვანიათ გუდაუთიდან, არც ალყაშემორტყმული სოხუმიდან გამოსულან და მით უმეტეს, არც კოდორის ხეობა გადმოუვლიათ გამწარებულებს... ისინი არც ერთ ამ ადგილას არ ყოფილან, რადგან ეშინოდათ, ან დედიკოებსა და მამიკოებს საზღვარგარეთ ჰყავდათ გახიზნული, ან სულაც, ჩემი ომისდროინდელი რეპორტაჟებიდან ისწავლეს, რომ ბორბლებიან ტანკს, თურმე, ჯავშანტრანსპორტიორი ჰქვია, ხოლო ზარბაზანს - ჰაუბიცა...

ამიტომ ძალიან ძნელია, მშვიდად მოისმინო, როცა ასეთები სამშობლოს ღალატს გაბრალებენ...