თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება - კვირის პალიტრა

თავდაცვას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა სჭირდება

"ნაციონალების" ცხრაწლიანმა დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა ქართული არმია თითქმის ბრძოლის უუნარო პოლიტიზებულ ინსტიტუტად აქცია

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმებად გამოცხადებული განუწყვეტელი ექსპერიმენტები 2003 წლის ნოემბრის ბოლოდან, "ვარდების რევოლუციად" წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებისთანავე, დაიწყო.

მას შემდეგ თითქმის ცხრა წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში რვა თავდაცვის მინისტრი და ამდენივე გენშტაბის თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი შეიცვალა. ყველა მათგანს თავისი გუნდი მოჰყავდა და თავისი შეხედულებისამებრ "წმენდდა" არმიას.

შედეგი? შედეგი სავალალოა, განსაკუთრებით ოფიცერთა შემადგენლობის კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, რადგან აქამდე ძირითადად იმ ოფიცრებს აწინაურებდნენ, ვინც "ნაციონალების" არც ერთი, მათ შორის, დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე არ ამბობდა უარს.

"ნაციონალების" პერიოდში ყველაზე მეტხანს - თითქმის სამი წელი - ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიას და მან პირნათლად (ზოგჯერ - ზედმეტი თავგამოდებითაც კი) შეასრულა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა დავალება.

2009 წლის აგვისტოში, როდესაც პრეზიდენტმა ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა, დაავალა მას, "გაეწმინდა" არმია იმავე მეთოდებით, რომელთაც ციხეებში იყენებდა.

სამი წლის შემდეგ ახალაიასაც და სააკაშვილსაც შეუძლიათ თქვან - მიზანი მიღწეულია, არმია "გასუფთავებულია".

თუმცა რისგან არის "გასუფთავებული"? არმიას "ნაციონალებმა" წაართვეს მთავარი - საბრძოლო სულისკვეთება. ძირითადად ერთმანეთის დასმენით გადახალისებული ოფიცრობა ვეღარასოდეს გახდება არმიის მთავარი საყრდენი, რადგან მათ შორის უნდობლობამ გაიდგა ფესვი და როცა თანამებრძოლს არ ენდობი, ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ნათქვამი, რომ შეიცვლებიან მხოლოდ მინისტრები, ზოგიერთი მინისტრის მოადგილეები, ხოლო უფრო დაბალი თანამდებობის პირებს ცვლილება თითქმის არ შეეხებათ, არც თავდაცვის სამინისტროსა და მით უმეტეს, არც გაერთიანებულ შტაბში ისე არ უნდა გაიგონ, რომ ბევრი შეინარჩუნებს თანამდებობას.

ბაჩო ახალაიას დანაშაული მარტო ის არ არის, რომ პროფესიონალებს ჯარიდან ერეკებოდა, ნაწილებში კი სამხედროებს სცემდნენ (ჯარისკაცთა ცემის ფაქტებზე სტატია იხილეთ "არსენალის" ახალ ნომერში, რომელიც 12 ოქტომბერს გამოვა); იგი უხეშად ერეოდა გაერთიანებული შტაბისა და საერთოდ, შეიარაღებული ძალების იმ საქმიანობაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, პრეროგატივა არ არის.

შედეგად მივიღეთ ისეთი გაერთიანებული შტაბი, რომელსაც არა შტაბის უფროსი, არამედ ახალაიას ნდობით აღჭურვილი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ახალგამომცხვარი ბრიგადის გენერალი გიგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა, სწორედ ის, რომელსაც, როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაურს, 2008 წლის აგვისტოს ომში ყველაზე მეტი ადამიანი დაეღუპა, დაკარგა 26-ვე ტანკი, 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და მთელი არტილერია...

ასეთი ადამიანი აქამდე ხელმძღვანელობდა ქართულ არმიას, ნამდვილად მებრძოლი ოფიცრები კი, მათ შორის თუნდაც ტანკისტი მამუკა გორგიაშვილი და არტილერისტი მამუკა ფარეშიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა პროფესიონალი სამხედრო, დღემდე ციხეში სხედან...

თავდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც გაერთიანებულ შტაბს და მთლიანად შეიარაღებულ ძალებს, სასწრაფოდ სჭირდება "სისხლის გადასხმა".

ოღონდ არავინ იფიქროს, რომ სასწრაფო საკადრო ცვლილებები სამხედრო უწყებაში ისეთივე დამამცირებელი მეთოდებით უნდა განხორციელდეს, როგორც ამას "ნაციონალების" დანიშნული თავდაცვის მინისტრები აკეთებდნენ, - დილით სამსახურში მოსულ თანამდებობის პირს თავის კაბინეტში სხვა ხდებოდა, ან სულაც "მგლის ბილეთით" უშვებდნენ სამსახურიდან ისე, რომ არმიის მიღმა დარჩენილმა ოფიცერმა არც კი იცოდა, რისთვის გაიმეტეს.

ორშაბათს, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას წარუდგენს მინისტრთა ახალ კაბინეტს, მათ შორის - თავდაცვის მინისტრის კანდიდატურასაც. ვინც უნდა იყოს ის, უხეშად არ უნდა ჩაერიოს შეიარაღებული ძალების საქმიანობაში და უნდა გამიჯნოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ფუნქციები. ამასთან, ხელი უნდა შეუწყოს სამხედრო ომბუდსმენის აპარატის ჩამოყალიბებას და მის შეუფერხებელ საქმიანობას სამხედრო ნაწილებში.

თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საქმიანობას თვალს უნდა ადევნებდნენ მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები (რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით, რის საშუალებასაც იძლევა კანონი სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის შესახებ), რათა აღდგეს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლი, რაც "ნაციონალური" თავდაცვის მინისტრების ხელში სრულიად შეუძლებელი იყო.

ახლა გვეძლევა საუკეთესო საშუალება, დეპოლიტიზებული გავხადოთ შეიარაღებული ძალები, შევძლოთ მათი რაოდენობის ოპტიმიზაცია, დავამყაროთ წესრიგი სამხედრო შესყიდვებში და რაც მთავარია, საბრძოლო მომზადების კურსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესატყვისი გავხადოთ.

რა თქმა უნდა, ამ რთულ გზაზე ბევრი პრობლემა იქნება, როგორც ჩასაფრებული "ნაციონალების", ისე თავად კოალიციიდან მოსული ახალი გუნდის თავდაპირველი გარდაუვალი შეცდომების გამო, თუმცა ეს აუცილებლად გასაკეთებელია...