გენშტაბი შეიძლება საჯილდაო ქვად იქცეს - კვირის პალიტრა

გენშტაბი შეიძლება საჯილდაო ქვად იქცეს

პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, გაერთიანებული შტაბის (რომელსაც მალე ძველი სახელწოდება - გენერალური შტაბი - უნდა დაუბრუნდეს) უფროსი კი სასწრაფოდ შეცვალა, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია. აქამდე გაერთიანებულ შტაბს გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ხელმძღვანელობდა. შტაბის უფროსს სამწლიანი ვადით ნიშნავენ. პირველი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გენერალ ჭანკოტაძეს პრეზიდენტმა ახლახან გაუგრძელა ეს ვადა და თავდაცვის სამინისტროში მისულ ირაკლი ალასანიას გუნდს, წესით, სწორედ დევი ჭანკოტაძე უნდა დახვედროდა.

როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ასე არ ფიქრობდა და მან გაერთიანებული შტაბის უფროსად გენერალ ჭანკოტაძის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიგი კალანდაძე დანიშნა (კალანდაძის, როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაურის, "წარმატებებზე" აგვისტოს ომში "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვწერდით და ამ საკითხს აღარ შევეხებით).

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ გიგი კალანდაძემ, როგორც გაერთიანებული  შტაბის უფროსმა, მომავალ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობა შეძლოს, თუნდაც იმის გამო, რომ კალანდაძის კარიერული წინსვლა (თანაც - თავბრუდამხვევი სიჩქარით) ყოფილი თავდაცვის მინისტრის - ბაჩო ახალაიას დამსახურებაა.

სწორედ ბაჩო ახალაიას წყალობით, 2009 წლიდან, სულ რაღაც სამ წელში, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური გიგი კალანდაძე ჯერ სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, შემდეგ - სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ბოლოს კი - გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე გახდა. ამავე პერიოდში, კალანდაძემ მაიორობიდან ძალიან ადვილად მიაღწია ბრიგადის გენერლობას, რაც ნორმალური ქვეყნის არმიაში წარმოუდგენელია.

ირაკლი ალასანიას გუნდი თავდაცვის სამინისტროში შესვლის შემდეგ პრეზიდენტს - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს - დასამტკიცებლად აუცილებლად წარუდგენს გენერალური შტაბის ახალ უფროსს. მოარული ხმების თანახმად, ეს შეიძლება იყოს ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ერთხელ უკვე ედგა სათავეში გენშტაბს, მაგრამ 2005 წლის აგვისტოში ეს თანამდებობა იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა. ვახტანგ კაპანაძე აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, როგორც სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური, შემდეგ იყო გენშტაბის დაზვერვის სამმართველოს საჯარისო დაზვერვის უფროსი, მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენშტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს უკრაინასა და აშშ-ში.

თუკი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალი თავდაცვის მინისტრის წარდგენილი კანდიდატურა არ დაამტკიცა, ეს უახლოეს მომავალში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.