სამთავრობო კავშირი მთავრობის მოსასმენად? - კვირის პალიტრა

სამთავრობო კავშირი მთავრობის მოსასმენად?

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო შსს-დან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადაიყვანა.

ეს შემთხვევით რომ არ გაკეთებულა, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პრეზიდენტი აკონტროლებს, შსს კი მალე "ქართული ოცნების" კონტროლს დაექვემდებარება.

საზოგადოების და მათ შორის, პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების ნაწილს რატომღაც მიაჩნია, რომ ამ ცვლილებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა თითოეული ჩვენგანის სატელეფონო საუბრების მოსმენის საშუალება შეინარჩუნა, რაც სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება.

ჩვენს, ანუ ჩვეულებრივ მოკვდავთა სატელეფონო საუბრებს უსმენდა და კომპიუტერებიდან ინფორმაციას იღებდა არა სახელისუფლებო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტო, არამედ შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, იგივე "ოტო".

სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს მთავარი ამოცანა სამთავრობო სტრუქტურებს შორის დახურული სპეციალური კავშირის დამყარება გახლდათ. ამისათვის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სამინისტროში, პარლამენტში, პრეზიდენტის აპარატსა და სხვა უწყებებში, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებებთან ჰქონდათ შეხება, დაიდგა ტელეფონის სპეციალური აპარატები და შეიქმნა სპეციალური სისტემა ამ ტელეფონებს შორის დახურული კავშირის განსახორციელებლად. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც ანალოგიური კავშირის სისტემა ამოქმედდა.

ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ "ჩაიხუტა" ეს სააგენტო, ძირითადად ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: პირველი - მას არ სურს, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მისი საუბრების მოსმენა  შეძლოს და მეორე - თავად პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ მოახერხონ მომავალი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების სატელეფონო საუბრების მოსმენა კავშირგაბმულობის სისტემის საშუალებით, მით უმეტეს, რომ ამ სისტემის მართვის ცენტრს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გააკონტროლებს.