ავღანეთში ქართული კონტინგენტი სასწრაფოდ შესამცირებელია - კვირის პალიტრა

ავღანეთში ქართული კონტინგენტი სასწრაფოდ შესამცირებელია

საზოგადოების დიდი ნაწილი ავღანეთში მრავალრიცხოვანი ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნით უკმაყოფილოა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ახალმა მთავრობამ

ჰილმენდში კიდევ ერთი კაპრალი დავკარგეთ!..

თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბერს გააკეთა განცხადება ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, კაპრალ მინდია აბაშიძის დაღუპვის შესახებ.

მას შემდეგ, რაც 2009 წლის შემოდგომიდან საქართველო ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო, ავღანეთში თვრამეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მსხვერპლის რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, ცხადი იყო, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით საქართველომ ავღანეთში, თანაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ რეგიონში - ჰილმენდის პროვინციაში, თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ორჯერ გაზარდა.

თუკი ვენდობით ცენტრალური საარჩევნო კომისიის 87-ე საარჩევნო ოლქის (რომელიც საზღვარგარეთ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიდა) მონაცემებს 46-ე და 47-ე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჰილმენდის პროვინციაში ორ სამხედრო ბაზაზე იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობდა 1 477 კაცი, ეს კი ნიშნავს, რომ დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ ავღანეთში დაახლოებით 1 500 ქართველი სამხედრო იმყოფება.

უცნაური ის არის, რომ სხვა ქვეყნები ავღანეთში თავიანთ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას ამცირებენ, ჩვენ კი ჯიუტად ვზრდით. ამერიკელებმა იქიდან უკვე გამოიყვანეს 33 ათასი სამხედრო, ჩვენ კი 725-კაციანი ბატალიონი შევიყვანეთ.

თუკი პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს მაინცდამაინც სურდათ ამერიკელებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ესიამოვნებინათ, მაშინ, იქნებ, დამატებითი დანაყოფები ასე საშიშ ჰილმენდის პროვინციაში კი არა, უფრო წყნარ ადგილას, მაგალითად, ქაბულის აეროპორტში გაეგზავნათ?

2009 წლის შემოდგომაზე ISAF-ის ოპერაციაში ქართული მხარის მონაწილეობა სწორედ ქაბულის აეროპორტში 172-კაციანი გაძლიერებული ასეულის გაგზავნით დაიწყო - ისინი საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იყვნენ და საბედნიეროდ, დანაკარგი არ ჰქონდათ, განსხვავებით ჰილმენდის პროვინციისგან, სადაც მებრძოლები დაეღუპა როტაციის პრინციპით მყოფ ყველა ქართულ ბატალიონს.

იმის მაგივრად, რომ აქცენტი სწორედ ქაბულის აეროპორტზე გაკეთებულიყო, თავდაცვის სამინისტრომ წელს, გაზაფხულზე, ქაბულში მყოფი ქართული ასეული 56 კაცამდე შეამცირა, თანაც ისე, რომ ფრანგული მხარე წინასწარ არ გაუფრთხილებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმებში არსად ჩანს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ქაბულის აეროპორტში განთავსებულმა ქართულმა დანაყოფმაც მიიღო, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ისინი იქიდან საერთოდ გამოიყვანეს.

ავღანეთიდან ყოველი ახალი ტრაგედიის შესახებ მოსული ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ უფრო უმტკიცებს რწმენას, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს თავისი კონტინგენტი ავღანეთიდან, რადგან ჩვენ იქ დასაღუპი ბიჭები არ გვყავს.

საზოგადოება ელოდება, რომ ასეთ ნაბიჯს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერები გადადგამენ.

თუმცა, ჯერჯერობით, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა, ისე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადეს, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში 2014 წლამდე - ISAF-ის ოპერაციის დამთავრებამდე - დარჩება.

გასაგებია, რომ ახალი მთავრობა ჯერჯერობთი ერიდება ასეთი კარდინალური ნაბიჯის გადადგმას, რადგან არჩევნებში დამარცხებული ჩასაფრებული ძალა მაშინვე იტყვის, რომ საქართველომ NATO-სკენ მიმავალ გზას გვერდი აუარა და გეზი რუსეთისკენ აიღო.

არადა, ავღანეთში, სამწუხაროდ, კვლავ მოსალოდნელია მსხვერპლი, ამიტომ ერთგვარი გამოსავალი იქნება, თუკი ახალი მთავრობა მთლიანად კი არ გამოიყვანს ქართულ კონტინგენტს ავღანეთიდან, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს მის რაოდენობას, თუნდაც დამატებით გაგზავნილი ბატალიონის უკან დაბრუნების ხარჯზე...

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს კაპრალ მინდია აბაშიძის ოჯახსა და ახლობლებს.