ხელებაწეული და დასხივებული გენშტაბი - კვირის პალიტრა

ხელებაწეული და დასხივებული გენშტაბი

ერთ წელზე მეტია, გაერთიანებული შტაბის შენობაში შემსვლელი და გამომსვლელი ხელებს მაღლა სწევენ, მიკროტალღური სკანერი მათ ბოლომდე აშიშვლებს და ასხივებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოფიცრებისთვის, რომელთაც, წესით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ევალებათ, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს, რომ მათი ყოველი სამუშაო დღე ხელის აწევით იწყება, თითქოს ტყვედ ჰბარდებიან ვინმეს.

ხელების აწევა იქით იყოს, ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ, ფაქტობრივად, სახალხოდ შიშვლდებიან და რაც ყველაზე უარესია, რენტგენული დასხივების ყოველდღიურ მცირე ულუფას იღებენ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

საქმე ის არის, რომ გაერთიანებული შტაბის შენობის (რომელიც თავდაცვის სამინისტროს გვერდით არის) გარემონტების შემდეგ გასული წლის ზაფხულიდან მის შესასვლელში ულტრათანამედროვე მიკროტალღური სკანერი დააყენეს, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ბევრ თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტშია.

ასეთი სკანერები 200 ათას დოლარამდე ღირს და ბოლო რამდენიმე წელია ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტში მგზავრების უკონტაქტო შემოწმებისათვის იყენებენ.

ჩვეულებრივი მეტალის დეტექტორისგან, რომელშიც თითოეული ჩვენგანი არაერთხელ გასულა და რომელსაც მხოლოდ მეტალის ნივთების აღმოჩენა შეუძლია, მიკროტალღური სკანერი 30-90 გიგაჰერცის დიაპაზონის მილიმეტრულ ტალღებზე მუშაობს (30-დან 300 გიგაჰერცამდე რადიოტალღები უკიდურესად მაღალი სიხშირისას მიეკუთვნება) და ადამიანის გაშიშვლება შეუძლია.

ეს სკანერი კომპიუტერის მონიტორზე ასახავს იმ სურათს, რაც ადამიანის ტანსაცმლის ქვეშაა, - მონიტორზე ჩანს ტანსაცმლის ქვეშ დამალული როგორც მეტალის ნივთები (მაგალითად, პისტოლეტი ან დანა), ასევე პლასტმასის ნაკეთობებიც.

ამ მიკროტალღური სკანერების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ფირმები ირწმუნებიან, რომ მათი მოწყობილობის გამოსხივება მობილურ ტელეფონზე უხიფათოა, თუმცა არსებობს ბევრი ფაქტი დაეჭვებისათვის.

ერთია, როდესაც მგზავრი აეროპორტში ერთხელ გადის მიკროტალღურ სკანერში და სულ სხვა, ასეთ სკანერში ყოველდღიური "სტუმრობა". ამასთან, გაერთიანებულ შტაბში მომუშავეებს, ალბათ, უწევთ დღის განმავლობაში შენობის გარეთ გამოსვლა (თუნდაც სადილის დროს), რაც უფრო ზრდის დასხივების დოზას, რადგან სამხედრო პოლიცია მათგან მოითხოვს შენობაში ყოველი შესვლა-გამოსვლის დროს სკანირება გაიარონ.

აშშ-ში, ასევე გერმანიაში, ზოგიერთ აეროპორტში მიკროტალღური სკანერების მუშაობის შეჩერების მიზეზი ისიც იყო, რომ მგზავრებისთვის სკანერებით გადაღებული სამგანზომილებიანი "შიშველი" სურათები შემდეგ ინტერნეტში მოხვდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მგზავრი ქალებისა.

ქალები კი შეიარაღებულ ძალებშიც, მათ შორის, გაერთიანებულ შტაბშიც, ირიცხებიან.

P.S. გაერთიანებული შტაბის შესასვლელში მიკროტალღური სკანერის დაყენებით, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს ყველა დერეფნისა და ოთახის კოდირებული საკეტებით აღჭურვით (რაშიც უზარმაზარი ფული დაიხარჯა ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს), თავდაცვის უწყება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე მეტად იმაზე ზრუნავდა, რომ საზოგადოებას არ გაეგო იმ დანაშაულების შესახებ (უპირველესად, ფინანსური და საკადრო), რაც ამ შენობებში ხდებოდა და რაც ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება.

გაერთიანებულ შტაბში, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროში, ძირეული საკადრო ცვლილებებია ჩასატარებელი, მაგრამ მანამდე იქნებ შტაბის თანამშრომლები დაინდონ და ყოველი დღე ხელების აწევითა და მიკროტალღური დასხივებით არ დააწყებინონ, მით უმეტეს, რომ შტაბის ხელმძღვანელობა ამ სკანერის გვერდის ავლით მიდის თავიანთ სამუშაო ოთახებამდე.