ვინ გამოიძიებს ობიექტურად აგვისტოს ომის ამბებს? - კვირის პალიტრა

ვინ გამოიძიებს ობიექტურად აგვისტოს ომის ამბებს?

რუსეთ-საქართველოს ომიდან ოთხი წლის შემდეგ შესაძლებელია მაშინდელი ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გამოძიება.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გასაგები ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ობიექტური ვერ იქნებოდა და მისი დასკვნა უფრო იმდროინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ მოქმედებათა გამართლებას ემსახურებოდა.

ახალ პარლამენტში არსებობს ყველა წინა პირობა, რომ შეიქმნას 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ახალი კომისია, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებით უნდა დაკომპლექტდეს.

კომისიის მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია, მივიღოთ ობიექტური დასკვნა, რადგან დღეს შიშის ფაქტორი აღარ არსებობს და იმ მოვლენების მონაწილეები, იმედია, სიმართლეს აღარ დამალავენ.

წინა ხელისუფლების დროს გენერალმა გია ყარყარაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ამ ომის ყველაზე ობიექტური ანალიზი, რომელიც "კვირის პალიტრის" რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა. ინფორმაციას გია ყარყარაშვილი ურთულეს პირობებში მოიპოვებდა, რადგან სამხედროებს დაჭერის ეშინოდათ და მას კონსპირაციულად ხვდებოდნენ.

დღეს გია ყარყარაშვილს ამ ანალიზის სრულყოფა შეუძლია, მით უმეტეს, თუკი მართლაც შეიქმნება აგვისტოს ომის საგამოძიებო საპარლამენტო კომისია და მას თანამშრომლობას სთხოვენ.

გამოსაძიებელია არა მარტო უშუალოდ აგვისტოს ომისდროინდელი მოვლენები, არამედ ის გარემოებებიც, რაც ამ ომის დაწყებას უძღოდა წინ, ანუ თანდათან როგორ იძაბებოდა სიტუაცია და ყველაფერი საბრძოლო შეტაკებამდე მიდიოდა.

თუკი 2008 წლის აგვისტოს ომის ობიექტური გამოძიება მოხერხდა, ამ კომისიას შეეძლება გააგრძელოს მუშაობა წინა ომების (2004 წლის ცხინვალის ომი, 1998 წლის გალის მოვლენები და რა თქმა უნდა, 1992-93 წლების აფხაზეთის ომი) გასაანალიზებლად, რაც აუცილებელია, თუკი არ გვინდა, წარსულის შეცდომები გავიმეოროთ.