არმიიდან გაშვებული პილოტები აფრიკელებმა შეიფარეს - კვირის პალიტრა

არმიიდან გაშვებული პილოტები აფრიკელებმა შეიფარეს

2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 6 საათზე ხუთმა ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჯავასთან საჰაერო დარტყმა მიაყენა რუსულ ჯავშანკოლონას, რომელიც ცხინვალისკენ მოიწევდა.

აეროდრომზე უდანაკარგოდ დაბრუნებული მოიერიშეების ჯგუფის პილოტები საწვავისა და ბომბების მარაგის შევსების შემდეგ მზად იყვნენ, მტრისთვის განმეორებითი დარტყმა მიეყენებინათ, თუმცა სარდლობამ მათ და სხვა აეროდრომებზე ასაფრენად გამზადებულ პილოტებს საბრძოლო გაფრენაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მოიერიშეები აეროდრომების სხვადასხვა ნაწილში გადამალეს და შენიღბეს.

მართალია, ქართველმა სამხედრო პილოტებმა მოიერიშე ჩე-25-ებით აგვისტოს ომში მხოლოდ ერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, მაგრამ მათმა მოქმედებამ მაინც სერიოზული ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მოწინააღმდეგეზე - ცხინვალის თავზე მფრენი უკვე რუსული ჩე-25-ები მათ ისევ ქართველების ეგონათ, ცეცხლი გაუხსნეს და ორი (ზოგი ინფორმაციით კი - სამი) რუსული ჩე-25 ჩამოაგდეს, მერე კი ოსები ესროდნენ რუს პილოტს, რომელიც პარაშუტით ეშვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამხედრო ავიაციას თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს მოიერიშეები, პილოტებმა უკან არ დაიხიეს და მტრის წინააღმდეგ თავგამოდებით იბრძოლეს.

ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 2010 წლის შემოდგომაზე, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ოთხი სამხედრო მფრინავი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა, მათ შორის, ის ორი პილოტიც, რომლებმაც 8 აგვისტოს დილას ის საბრძოლო გაფრენა განახორციელეს.

ამ ორი პილოტიდან ერთ-ერთი საავიაციო დანაყოფის იმ მეთაურის ქვისლია, რომელიც წინადღეს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. როდესაც დები შეუყვარდათ და დაქორწინდნენ, რა იცოდნენ პილოტებმა, რომ მათი დანათესავება მათი კარიერის დასასრულად იქცეოდა...

მაშინ ამ სტატიის ავტორმა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა, ვაზიანის ბაზაზე ორჯერ გაუმეორა შეკითხვა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას, რა მიზეზით დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან მოიერიშეების პილოტები, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

სამხედრო პილოტის მომზადება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნები არ აძლევენ თავს უფლებას, სამხედრო მფრინავები პენსიაზე გასვლის ვადამდე შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვონ, პირიქით, ცდილობენ, სრულად გამოიყენონ მათი შესაძლებლობები.

აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფო (მისი დაკონკრეტებისაგან თავს სპეციალურად ვიკავებთ) დღეს მშვენივრად იყენებს ჩვენი მფრინავების გამოცდილებას - ისინი მათ თავიანთ საბრძოლო გამოცდილებას უზიარებენ.

უფრო ცუდი კი, იცით, რა არის? მათი შემხედვარე, მოიერიშეთა სხვა პილოტებიც ფიქრობენ აფრიკის იმ ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც მეტი დაფასება და ანაზღაურება ელოდებათ...

P.S. იმედია, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურობა, დაუყოვნებლივ დაინტერესდება ამ საკითხით და ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები გამოცდილი სამხედრო პილოტების გარეშე არ დაგვრჩება.