რა ელოდება ალასანიას თავდაცვის სამინისტროში - კვირის პალიტრა

რა ელოდება ალასანიას თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის ახალ მინისტრ ირაკლი ალასანიას შეიარაღებულ ძალებში უამრავი პრობლემა ხვდება, რომელთა დაძლევა ძალიან მნიშვნელოვანია...

27 ოქტომბერს ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს შეხვდა. ის პირველად მივიდა თავდაცვის სამინისტროში 2004 წლის შემდეგ, როდესაც ცოტა ხნით თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

მას შემდეგ ქართული არმიისთვის ურთულესი წლები გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აქ წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რამაც არმიაში კვალიფიციური ოფიცრების დეფიციტი შექმნა, შეიარაღებული ძალები კი საზოგადოებას მოსწყვიტა, რადგან შეწყდა არმიის სამოქალაქო კონტროლი.

ახალი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია სამხედრო უწყების დეპოლიტიზაცია, აღდგება არმიის სამოქალაქო კონტროლი, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კანონის შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდება მედიისთვის და რაც მთავარია, გაუმჯობესდება სამხედროთა სოციალური პირობები, დაცული იქნება მათი უფლებები და უსაფრთხოება.

ახალი თავდაცვის მინისტრის ყველა ეს დაპირება მისაღებია, რადგან ასეა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუმცა საინტერესოა, რამდენად დროულად და ეფექტურად განხორციელდება ეს ყოველივე.

ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროსა და განსაკუთრებით - გაერთიანებულ შტაბში, ხვდება ძალზე რთული ვითარება და მასთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.

აქ აუცილებელია არა მარტო კარდინალური საკადრო ცვლილებები, არამედ სისხლის სამართლის საქმეთა აღძვრაც იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ უწყებისთვის ფინანსური მაქინაციებიც არ არის უცხო (მით უმეტეს, რომ თავდაცვის სამინისტროში მისვლის პირველივე დღეს ახალმა მინისტრმა არ დამალა, რომ სამინისტროს ბიუჯეტში უკვე 113 მლნ ლარის დეფიციტია).

თითქმის 30-ათასიან კოლექტივში ბევრი რამის გარკვევას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება, თუმცა თუკი იქნება სურვილი და მონდომება, თუკი თავდაცვის ახალი მინისტრი შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც სამინისტროში მისვლის პირველ დღეს დადო, ახალი ხელმძღვანელობა შეძლებს, ქართული არმია მართლაც ბრძოლისუნარიანი გახადოს...