მოადგილედ, თუმცა მაინც შტაბის უფროსად - კვირის პალიტრა

მოადგილედ, თუმცა მაინც შტაბის უფროსად

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალდანიშნული გენშტაბის უფროსი არ შეცვალა, თუმცა გამოსავალი მაინც მოიძებნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აგრძელებს უცნაურ ტრადიციას, როდესაც ქართულ არმიას რეალურად შტაბის უფროსი კი არა, მისი პირველი მოადგილე მეთაურობს.

ასე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაშიც: მაშინდელი თავდაცვის მინისტრის - ბაჩო ახალაიასგან დავალებებს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე იღებდა და არა - შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე.

2 ნოემბრიდან ეს უცნაური ტრადიცია გაგრძელდება, რადგან შეიარაღებულ ძალებს რეალურად შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, 15 ოქტომბრის "კვირის პალიტრაში", ვწერდით, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს წარადგენდა, რომელიც 2004-2005 წლებში უკვე ედგა სათავეში გენერალურ შტაბს.

მართალია, ალასანიამ კაპანაძე მხოლოდ გაერთიანებული შტაბის პირველ მოადგილედ წარადგინა, მაგრამ ჩვენი პროგნოზი გამართლდა - შტაბს რეალურად მაინც კაპანაძე უხელმძღვანელებს და არა - კალანდაძე.

გაერთიანებული შტაბიდან გამოსულ ხმებს თუ ვენდობით, გიგი კალანდაძე არ ებღაუჭება ამ თანამდებობას, პირიქით, ის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნას ითხოვს. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს - თავდაცვის მინისტრი თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი ამ მაღალ თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიდიან საზღვარგარეთ ცოდნის ასამაღლებლად.

აქედან გამომდინარე, გიგი კალანდაძის დარჩენა, თუნდაც ფიქციურად, გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე შეუძლებელია, მაგრამ უკან არ იხევს საქართველოს პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი. მან მხოლოდ ერთი თვის წინ დანიშნა გიგი კალანდაძე დევი ჭანკოტაძის ადგილზე და ახლა ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ სურს, თუმცა იგი მზად უნდა ყოფილიყო, რომ ახალი მთავრობა შტაბის უფროსად თავის კანდიდატურას წარადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე პირის დამტკიცება, კონსტიტუციის თანახმად, სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

გაერთიანებული შტაბის ამჟამინდელი, მაგრამ უკვე ფიქციური უფროსი გიგი კალანდაძე შეიძლება იმიტომაც ჩქარობს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას, რომ ამ კვირიდან ახალი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გეგმავს ქართული არმიის შენაერთებისა და ცალკეული დანაყოფების შემოწმებას, რის შედეგად, ალბათ, ბევრი დარღვევა აღმოჩნდება, მათ შორის ისეთიც, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა იქნება აუცილებელი.

შესაცვლელი იქნება გაერთიანებული შტაბის სახელიც.

2007 წელს, როდესაც გენერალური შტაბის ნაცვლად ამ სტრუქტურას ახალი სახელი - გაერთიანებული შტაბი - უწოდეს, იგი, წესით, ასე უნდა წარმოთქმულიყო: "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბები", რადგან მის უფროსს ჯარის სამივე სახეობის (სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო) შტაბებისთვის უნდა ეხელმძღვანელა.

აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა ჯერ სამხედრო-საზღვაო, შემდეგ კი - სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ჯარის ცალკეული სახეობები და სახელწოდებამ - გაერთიანებული შტაბი, აზრი დაკარგა.

თუკი სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები არ აღდგება, მაშინ გაერთიანებული შტაბისთვის გენერალური შტაბის დარქმევაც ცოტა გაზვიადებული იქნება, რადგან რეალობას უფრო შეეფერება სახელი - მთავარი შტაბი.

თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, სახელების დარქმევა არ გახლავთ. უფრო მნიშვნელოვანია, პიარი რეალურმა საბრძოლო მომზადებამ შეცვალოს, რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელს გახდის იმ სამხედრო საფრთხის მოგერიებას, რომელიც საქართველოს ემუქრება.