ახალი ტერიტორიული პრეტენზიები ახალი ომის დაწყების საბაბად? - კვირის პალიტრა

ახალი ტერიტორიული პრეტენზიები ახალი ომის დაწყების საბაბად?

კოკოითი უკვე თრუსოს ხეობას ებღაუჭება, ზემო ნიქოზს ესვრიან, აქეთ გვაბრალებენ ერედვის დაბომბვას, მოსკოვი კი ცხინვალს ისევ სამხედრო მხარდაჭერას ჰპირდება...

პრეზიდენტ ობამას მოსკოვში, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის თბილისში ოფიციალური ვიზიტების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გულმაგრად აიმედებდა მოსახლეობას - რუსეთთან ომი აღარ იქნებაო!

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იძლევა საფრთხის მოახლოების ნიშნებს. ჯერ ზემო ნიქოზისკენ გაიხსნა ცეცხლი, მეორე დღეს სეპარატისტების ლიდერი თრუსოს ხეობის საქართველოსთვის ჩამოჭრით დაგვემუქრა, მესამე დღეს ერედვთან სეპარატისტების საგუშაგოს დაბომბვა დაგვაბრალეს, რაც დააგვირგვინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა განცხადებამ, რომ ის ყველა საშუალებით დაეხმარება კოკოითის სეპარატისტულ ხელისუფლებას...

სახეზეა დაძაბულობის ესკალაცია. დაახლოებით იმ სცენარით, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ.

თრუსოს ხეობაზე თვალის დადგმით, კოკოითის სურს მწყობრიდან გამოიყვანოს ოფიციალური თბილისი, ხოლო ქართულ სოფლებზე სროლის გაგრძელებით ეცდება, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, საპასუხო ცეცხლი გახსნას - ანუ ის, რასაც უკვე რამდენჯერმე წამოვეგეთ...

ასეთ დაძაბულ მომენტში წესით, თავისი სიტყვა უნდა თქვან ევროკავშირის დამკვირვებლებმა. გასაგებია, რომ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ, მაგრამ კეთილი ინებონ და ქართულ სოფლებში, მათ შორის ზემო ნიქოზში, ოპერატიულად და დეტალურად დაათვალიერონ სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან გამოსროლილი თითოეული ტყვიისა და ჭურვის მონახვედრი და შემდეგ ეს ინფორმაცია ობიექტური დასკვნის თანხლებით საჯარო გახადონ.