რუსეთსაც ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს - კვირის პალიტრა

რუსეთსაც ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს

რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ორი საოკუპაციო-სამხედრო ბაზა აქვს,  ამიტომაც მის შეიარაღებულ ძალებში მომხდარი საკადრო ცვლილებები ჩვენთვის ყურადსაღები უნდა იყოს.

პრეზიდენტმა პუტინმა გადააყენა ანატოლი სერდიუკოვი. თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა. იგი სამმილიარდიან ფინანსურ სკანდალს შეეწირა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ მაქინაციებში მონაწილე ძირითად ფირმას მისი არაოფიციალური ცოლი ხელმძღვანელობდა.

მის ადგილზე პრეზიდენტმა დანიშნა არმიის გენერალი სერგეი შოიგუ, რომელიც მანამდე გუბერნატორი იყო, უფრო ადრე კი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ედგა სათავეში.

სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორს სერგეი შოიგუსთან სიტყვიერი დაპირისპირება 20 წლის წინ, 1992 წლის ივლისში, ცხინვალთან ე.წ. "ზემო გოროდოკის" იმ ოთხსართულიან შენობაში მოუვიდა, რომელიც აგვისტოს ომში ქართველი ტანკისტების სამიზნე გახდა. ჩვენი დაპირისპირების მიზეზი შოიგუს ანტიქართული გამოხდომები იყო და ჩნდება ეჭვი, რომ განვლილი ოცი წლის მანძილზე საქართველოსადმი მისი დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა...

ახალმა თავდაცვის მინისტრმა სასწრაფოდ დაიწყო საკადრო წმენდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში.

უკვე შეიცვალა რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას; მის ნაცვლად დაინიშნა გენერალი ვალერი გერასიმოვი. ის ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისში, 1999 წელს მეთაურობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჩვენთვის ავადსახსენებელ 58-ე არმიას და მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების საკმაო გამოცდილება აქვს.

ახალმა თავდაცვის მინისტრმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა გენერალ-პოლკოვნიკი არკადი ბახინი, რომელიც 1997 წლიდან სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ სამხედრო ბაზას მეთაურობდა, ხოლო შემდგომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის პირველი მოადგილე - შტაბის უფროსი იყო. ასე რომ, კარგად იცნობს სიტუაციას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც ჩვენთვის ასევე საგულისხმო და გასათვალისწინებელია.