ქართული მისია ავღანეთში 20 წლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

ქართული მისია ავღანეთში 20 წლის შემდეგ...

იწყება საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა ავღანურ ISAF-ის ოპერაციაში, რასაც საზოგადოება სხვადასხვაგვარად იღებს

როდესაც მკითხველი ამ სტატიის კითხვას დაიწყებს, 170-მდე ქართველი სამხედრო შეიძლება უკვე ავღანეთში იყოს ჩასული.

გაძლიერებული ქართული ასეული ფრანგულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან დადგება და დაიწყება ქართველი სამხედროების ახალი ავღანური ეპოპეა. ზუსტად 20 წლის წინ, 1989 წელს, ავღანეთი დატოვა საბჭოთა არმიამ და მასთან ერთად ასობით საქართველოს მკვიდრმა. ათწლიანი ავღანური ეპოპეის დროს, 1979-1989 წლებში, ავღანეთში იბრძოდა საქართველოდან წარგზავნილი 5 ათასამდე ჯარისკაცი, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში სამხედრო კომისარიატებმა გაიწვიეს. გარდა ამისა, ეს ქვეყანა მივლინებით მოიარა კიდევ 3 ათასამდე ადამიანმა - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, მილიციის, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ავღანეთში საქართველოდან გაგზავნილი ჯარისკაცებიდან 128 დაიღუპა, 300 დაინვალიდდა, 7 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება...

ორი ათეული წლის შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველო გზავნის ავღანეთში თავის სამხედროებს. სხვათა შორის, 2004 წელს 50 ქართველი სამხედრო რამდენიმე თვე იმყოფებოდა ქაბულში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოფიციალურად ითვლება, რომ დღეს ავღანეთში, ISAF-ის (უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები) შემადგენლობაში, 42 ქვეყანას შორის საქართველოცაა, რადგან გურის პროვინციაში, ქ. ჩაგჩანანში, ლიტვის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფება ერთადერთი ქართველი ექიმი, კაპიტანი ა. გვალია.

ISAF-ი დღეისთვის 68 ათას კაცს ითვლის, საიდანაც 29 ათასი ამერიკელია. ამ ძალებში გაერთიანებულია NATO-ს 26 ქვეყანა, 10 პარტნიორი და ორიც - არაპარტნიორი ქვეყანა.

დაგეგმილია, რომ 170-კაციანი ქართული ასეული ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში იმოქმედებს, ხოლო 2010 წლის თებერვლისთვის ავღანეთში დამატებით გაიგზავნება 31-ე ქვეითი ბატალიონი, 725 კაცი, რომლებიც ამერიკული საზღვაო ქვეითების შემადგენლობაში ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში იბრძოლებენ.

შემთხვევით არ გვითქვამს სიტყვა "იბრძოლებენ", რადგან ავღანეთის სამხრეთი და აღმოსავლეთი (პაკისტანის საზღვართან) რაიონები ყველაზე სახიფათოა, იქ აქტიურად მოქმედებენ თალიბები და "ალ-ქაიდა".

ახალი ამბებისთვის თვალის გადავლებაც კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ ავღანეთში სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება და ISAF-ის ძალების რიცხოვნობის მექანიკური ზრდა საქმეს ვერ უშველის.

საერთო ჯამში, გაისად, გაზაფხულზე ავღანეთში შეიძლება ქართული არმიის 900 სამხედრო აღმოჩნდეს. თითქმის 70-ათასიანი ISAF-ისთვის ათასამდე ქართველის დამატება შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს, მაგრამ როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარების ტანკები თბილისიდან 40-იოდე კმ-ში დგანან, ქართული არმიის ბრძოლისუნარიანი დანაყოფების 5-6%-ის 2000 კმ-ის დაშორებით გაგზავნა მთლად გამართლებული გადაწყვეტილება ვერ უნდა იყოს. გასაკვირია ერთი გარემოებაც - NATO-ს წევრ და საქართველოზე ბევრად უფრო დიდ ქვეყნებს ავღანეთში ბევრად ნაკლებრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს (მაგალითად, ჩეხეთს - 490 კაცი, თურქეთს - 725, რუმინეთს - 730, საბერძნეთს - 130, ბელგიას - 390), ვიდრე ჩვენ ვაპირებთ გავგზავნოთ...