ცხინვალის ომის "გაგრძელება"... ვაზიანში - კვირის პალიტრა

ცხინვალის ომის "გაგრძელება"... ვაზიანში

ვაზიანს ისევ ბომბავდნენ, ოღონდ "ამჯერად" წარმოსახვითი რუსული ბომბდამშენები - ქართულ არმიას რენი ჰარლინის მძაფრსიუჟეტიან ფილმში იღებენ...

ვაზიანში საცხოვრებელი სახლები ცეცხლის ალშია გახვეული, ისმის აფეთქებისა და სროლის ხმები, კორპუსებს დაბალ სიმაღლეზე საბრძოლო შვეულმფრენები დასტრიალებენ თავს...

ეს ძალიან წააგავს შარშანდელი აგვისტოს ცხინვალის ომს, თუმცა ამჯერად აფეთქებებს, საბედნიეროდ, მსხვერპლი აღარ მოჰყვება - მიმდინარეობს ამერიკელი რეჟისორის, რენი ჰარლინის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის (სამუშაო სახელწოდებაა "ჯორჯია") საბრძოლო სცენების გადაღება.

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ენდი გარსიას ჩამოსვლას ამ ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლის სათამაშოდ, ჩვენში დიდი გამოძახილი ჰქონდა, თუმცა ნაკლებად ლაპარაკობენ ბრძოლის დეტალების ამსახველ მასშტაბურ სცენებზე. ფილმს იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში (წალკა, გორი), თუმცა ყველაზე მასშტაბური გადაღებები ვაზიანის სამხედრო ბაზაში იყო.

ქართული სამხედრო დანაყოფების ნაწილს რუსების და სეპარატისტების სამხედრო ფორმები ეცვათ და მოწინააღმდეგეს განასახიერებდნენ.

ბატალურ სცენებში ერთმანეთს ის სამხედროები "ეომებოდნენ", რომელთა დიდი ნაწილი თავად მონაწილეობდა რეალურ ბრძოლებში.

იმედია, ფილმის შემქმნელებს პროფესიონალი სამხედრო მრჩევლები ეყოლებათ, რომლებიც ყველა დეტალსა და ნიუანსს დიდ ყურადღებას მიაქცევენ, სხვანაირად დიდ ეკრანებზე გამოსულ ფილმში რეალური ომის მონაწილეები ბევრ ხარვეზს აღმოაჩენენ...