ისრაელი "ჰამასის" რაკეტებს იგერიებს და ვალში არც თავად რჩება... - კვირის პალიტრა

ისრაელი "ჰამასის" რაკეტებს იგერიებს და ვალში არც თავად რჩება...

ისრაელი ღაზის სექტორიდან გამოშვებულ უმართავ რაკეტებს იგერიებს და საპასუხო საჰაერო დარტყმებს აყენებს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ობიექტებს.

ღაზის სექტორში დაძაბულობა არასოდეს შენელებულა და თითო-ოროლა უმართავ რაკეტას "ჰამასის" წევრები ებრაული ქალაქების მიმართულებით ხანგამოშვებით უშვებდნენ, რათა მსოფლიოს არ დავიწყებოდა პალესტინელთა მოთხოვნები, თუმცა რამდენიმე დღის წინ უკვე სერიოზული სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ღაზის სექტორის საზღვართან მორიგე ისრაელის არმიის ჯიპს "ჰამასის" წარმომადგენლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს. ისრაელი ვალში არ დარჩა და წერტილოვანი საჰაერო დარტყმით (რაც გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს) ააფეთქა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც იჯდა და დაიღუპა "ჰამასის" სამხედრო ფრთის დაჯგუფების შტაბის უფროსი აჰმად ჯაბანი. შურის საძიებლად "ჰამასმა" ებრაული დასახლებული პუნქტებისკენ უმართავი რაკეტების გაშვება დაიწყო.

ეს სარაკეტო ომი, როგორც ჩანს, ისტორიაში შევა და არა მარტო იმიტომ, რომ "ჰამასმა" უკვე გაუშვა 300-ზე მეტი რაკეტა, ხოლო ისრაელის ავიაციამ 130-ზე მეტი საპასუხო საჰაერო დარტყმა განახორციელა, არამედ სხვა მნიშვნელოვანი მიზეზის გამოც.

"ჰამასის" გაშვებული 300 რაკეტიდან 105 ჰაერშივე გაანადგურა ისრაელის არმიის შეიარაღებაში ახალმიღებულმა ანტისარაკეტო სისტემამ - "რკინის გუმბათმა". სამიდან ერთი რაკეტის ჩამოგდება, თანაც მასიური სარაკეტო ზალპის დროს, საუკეთესო შედეგია, მით უმეტეს, რომ "რკინის გუმბათის" დამიზნების სისტემა არ რეაგირებს იმ რაკეტებზე, რომელთა ფრენის ტრაექტორია სცდება დასახლებულ პუნქტებს.  საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა უსწრაფესად თვლის გამოსროლილი რაკეტის ფრენის პარამეტრებს და თუკი ის უკაცრიელ ადგილზე უნდა ჩამოვარდეს, მასზე ძვირად ღირებულ ანტირაკეტას აღარ ხარჯავს.

თავის მხრივ, მორიგ "სარაკეტო ომში" სიახლე გამოიყენეს "ჰამასის" წევრებმაც. აქამდე ისინი ებრაული ქალაქების მიმართულებით უმართავ რაკეტებს პიკაპებზე დამაგრებული მობილური დანადგარებიდან უშვებდნენ, ღაზის სექტორზე თითქმის  მუდმივად "ჩამოკიდებული" ისრაელის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები კი იმ წამსვე აღმოაჩენდნენ ასეთ პიკაპებს და მათ გასანადგურებლად საბრძოლო Fთვითმფრინავებს "იძახებდნენ".

ამჟამად "ჰამასი" ახალ ტაქტიკას იყენებს და ებრაული დასახლებული პუნქტების მიმართულებით უმართავ რაკეტებს მიწისქვეშა სასტარტო პოზიციებიდან უშვებს, რომლებიც უკეთესადაა დაცული. ისრაელის ავიაცია ახლა სწორედ ასეთ მიწისქვეშა სასტარტო პოზიციებსა და იმ რაკეტების საწყობებზე "ნადირობს", რომლებიც "ჰამასმა", სავარაუდოდ, ირანისგან მიიღო.

თუ არ ჩაცხრა "სარაკეტო ომის" პერიპეტიები, მოსალოდნელია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს, რაც უკიდურესად დაძაბავს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პირობებში.