"ფარი-2009" - ახალი ტაქტიკით ბრძოლისთვის მზადება - კვირის პალიტრა

"ფარი-2009" - ახალი ტაქტიკით ბრძოლისთვის მზადება

შარშანდელი აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბიდან შემოსულმა რუსეთის 58-ე არმიის შენაერთებმა შეტევისას გამოიყენეს მათთვის ახალი ტაქტიკა - საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები.

ორფოლოს პოლიგონზე "ტაქტიკური ჯგუფი თავდაცვასა და კონტრშეტევაში" "პრეზენტაცია" შედგა

ერთი წლის შემდეგ ორფოლოში გამართულ საველე-ტაქტიკურ სწავლება «ფარი-2009»-ზე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ამ ახალი მეთოდის დანერგევა ქართულ არმიაში.

ფაქტობრივად, ტაქტიკური ჯგუფი ავტონომიურად მოქმედი სამხედრო შენაერთია; მის მეთაურს ემორჩილება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობისა და გვარეობის ჯარების პატარ-პატარა დანაყოფები, ანუ ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს აღარ უწევს ბრძოლის დროს იმის დამატებით შეთანხმება, რომ მის ქვეითებს ტანკები, არტილერია ან მოიერიშე ავიაცია დაახმარონ. ეს ყველაფერი უკვე განსაზღვრულია საბრძოლო ამოცანის დასახვისას და ტაქტიკური ჯგუფის მეთაურმა უნდა შეძლოს ავტონომიურად შეასრულოს საბრძოლო დავალება; შესაბამისად, იზოგება ძვირფასი დრო და პირადი შემადგენლობის სიცოცხლე.

ტაქტიკური ჯგუფის ცნება უცხო არ არის აშშ-ისა და დასავლეთის ბევრი ქვეყნის არმიებისთვის, რუსეთის არმიამ კი, როგორც უკვე გითხარით, შარშანდელ ომში პირველად გამოიყენა.

30 ივლისს ორფოლოს პოლიგონზე «ფარი-2009»-ის მესამე, დამამთავრებელი და საჩვენებელი ეტაპი შედგა. თავდაცვაში მყოფ ტაქტიკურ ჯგუფს დაუსახეს ამოცანა, შეეჩერებინა შეტევაზე გადმოსული ბრიგადის დონის მოწინააღმდეგე, უკუექცია და შემდეგ კონტრიერიშზე გადასულიყო.

ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 1-ელი ქვეითი ბრიგადის 11 ბატალიონი, მე-3 ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეული, 1-ელი და მე-2 საარტილერიო ბრიგადების ოცეულები, 1-ელი და მე-3 ქვეითი ბრიგადების არტილერისტები, საზენიტო დივიზიონი, საბრძოლო ავიაცია და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მებრძოლები შედიოდნენ.

როგორც ხედავთ, ეს შემთხვევით არ გაკეთებულა. აგვისტოს ომმა ისიც დაგვანახვა, რომ ბრძოლის ველზე სხვადასხვა ბრიგადის დანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების სუსტმა კოორდინაციამ რამდენჯერმე ტრაგიკული შედეგიც მოიტანა.

როგორც ყველა საჩვენებელ სწავლებაში, აქაც ჩვენებმა გაიმარჯვეს და სულ კუდით ქვა ასროლინეს წარმოსახვით მოწინააღმდეგეს. ქვეყნის პირველი პირი, პარლამენტარები და სხვა სტუმრებიც კმაყოფილნი დარჩნენ.

მაგრამ ჩვენთვის მაინც გაჩნდა რამდენიმე კითხვა - რა საჭირო იყო დროშებაღმართული ტანკებითა და ჯავშანმანქანებით იერიშზე გადასვლა? ეს ხომ ისევ იმ ყბადაღებული პიარის ელემენტია, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიყენეთ (გაიხსენეთ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის მიერ 2005 წელს ჩატარებული სწავლება დროშებაფრიალებული ტანკებით) და სავალალო შედეგიც მოგვიტანა. თანაც თეთრ-წითელი დროშა საუკეთესო სამიზნეა მოწინააღმდეგისთვის - ტანკებს ტყუილად როდი ღებავენ კამუფლირებულ ფერებად!

სწავლებაზე ბევრმა შეამჩნია, რომ ძალიან დაბალი იყო მასობრივად გამოყენებული მართვადი და, შესაბამისად, ძვირად ღირებული იარაღის მიზანში მოხვედრის სიზუსტე. სამხედრო საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ დავაკონკრეტებთ ამ იარაღის სახელს, მაგრამ მათ შემძენს პასუხი უნდა მოეთხოვოს.

სწავლებაში გამოყენებულ იქნა ორი, ქართული არმიისთვის ახალი ჯავშანმანქანა - თურქული ჯავშანტრანსპორტიორი «დრაკონი» და ამერიკული შეჯავშნული და შეიარაღებული "ჰამერი».."