ნადირაძის რაკეტებმა მოსკოვი და ვაშინგტონი კიდევ ერთხელ დააპირისპირა... - კვირის პალიტრა

ნადირაძის რაკეტებმა მოსკოვი და ვაშინგტონი კიდევ ერთხელ დააპირისპირა...

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაწყებული "გადატვირთვის" პოლიტიკის მთავარი ნაწილი ბირთვულ შეიარაღებაზე ახალი შეთანხმების გაფორმებაა. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ პირველ დოკუმენტს ჯერ კიდევ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წელს მოეწერა ხელი.

ამ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს 2009 წლის 5 დეკემბერს გასდის ვადა და მანამდე თეთრმა სახლმა და კრემლმა უსათუოდ უნდა მოასწრონ და მოაწერონ ხელი ახალ შეთანხმებას.

სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მათი გადასატანი საშუალებების (ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტები, ატომური წყალქვეშა ნავების საზღვაო ბალისტიკური რაკეტები და სახმელეთო, შახტური განთავსების საკონტინენტთაშორისო ბალისტური რაკეტები) შემდგომი შემცირება ორივე მხრიდან რეალურია, მაგრამ გასულ კვირას, დახურული მოლაპარაკებების დროს, ამერიკელ და რუს ექსპერტებს შორის მოულოდნელად სერიოზული წინააღმდეგობა გაჩნდა.

ვაშინგტონი და მოსკოვი ვერ თანხმდებიან სტრატეგიული დანიშნულების შეტევითი შეიარაღების ერთ-ერთ კონკრეტულ სახეობაზე.

ეს გახლავთ უნიკალური სახეობის იარაღი, მობილური სარაკეტო კომპლექსი HC-12М Топаль-ი - დიდი, 14-ბორბლიანი მანქანიდან ხდება 45-ტონიანი ბალისტიკური რაკეტის გაშვება. მას 10 ათას კმ-ზე 550 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი ბირთვული მუხტი გადააქვს და მიზანთან 200 მ რადიუსში ფეთქდება!

ანალოგიური შესაძლებლობებისაა მიწისქვეშა შახტებში დამალული ბალისტიკური რაკეტებიც, თუმცა ამ სარაკეტო შახტების უზუსტესი კოორდინატები დიდი ხანია ცნობილია ყველა პოტენციური მოწინააღმდეგისთვის.

მობილური "ტოპოლის" აღმოჩენა კი ძალიან ძნელია, რადგან მისი საბრძოლო პატრულირების რაიონის ფართობი 125 ათას კვადრატულ კმ-ს აღწევს და რაც უნდა განვითარებული იყოს კოსმოსური დაზვერვა, 22 მ-იანი მობილური სარაკეტო კომპლექსის აღმოჩენა რუსეთის ტაიგაში ისევე ძნელია, როგორც თივაში ნემსისა...

სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ეს უნიკალური ნიმუში ჩვენმა თანამემამულემ, ცნობილმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნა.

მას შემდეგ ნადირაძის "ტოპოლები" (რუსულ შეიარაღებაში სულ 360 "ტოპოლის" მობილური კომპლექსია) მოსვენებას არ აძლევს ამერიკელებს. პენტაგონს შეუძლია 10-20 მ სიზუსტით მოარტყას ბირთვული რაკეტა ყველა რუსულ სარაკეტო შახტს, მაგრამ ამერიკელ გენერლებს არ აქვთ იმედი, რომ ტყეებში იპოვიან ნადირაძის "ტოპოლებს" და ამერიკის ქალაქები მათ პასუხს გადაურჩებიან.

ამიტომაც ამერიკული მხარე დაჟინებით ითხოვს, რომ ახალ ხელშეკრულებაში ნადირაძის "ტოპოლებზე" განსაკუთრებული მონიტორინგი დაწესდეს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვი, რადგან საპასუხო მონიტორინგს რუსი სამხედროები იმ უბრალო მიზეზით ვერ დააწესებენ, რომ ამერიკელებს ნადირაძის მობილური "ტოპოლის" მსგავსი არაფერი გააჩნიათ.

აშშ-რუსეთის ურთიერთობების "გადატვირთვის"  პოლიტიკაში ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის კონსტრუირებული "ტოპოლი" ჯერჯერობით კვლავ დაპირისპირების მთავარ საგნად რჩება...