"ჩვენი ხმა არავის ესმის..." - კვირის პალიტრა

"ჩვენი ხმა არავის ესმის..."

ბოლო 14 წელი ირაკლი სესიაშვილი, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს იცავდა. ამჟამად ის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა და მეტი შესაძლებლობა აქვს, ჯარისკაცების, სერჟანტებისა თუ ოფიცრების პრობლემები მოაგვაროს.

- "ჩვენი ხმა არავის ესმის!" - ეს სიტყვები ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ სამხედროებს, - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ირაკლი სესიაშვილი, - 21 წელზე მეტია, ქართული არმიის პრობლემების გამოვლენაზე, ანალიზსა და გამოსწორებაზე თავდაცვის უწყებისგან დამოუკიდებელ ორგანოს არ უზრუნია. პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შექმნის მთავარი მიზანია, მან დროულად გამოავლინოს ყველა პრობლემა, არ დაუშვას სამხედრო ნაწილებში "დედოვშჩინა", კუთხურობა, არასაწესდებო ურთიერთობები, ანუ ყველაფერი, რაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხდებოდა ქართულ არმიაში.

სამხედრო რწმუნებული ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის და კერძოდ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე, თუმცა მას სამხედროებს შორის ერთგვარი მედიატორის როლიც დაეკისრება და ეცდება, ჯარისკაცის თუ სერჟანტის გასაჭირი ნაწილის მეთაურს გააგებინოს, თუ მანამდე მოხსენების გადაცემის წესდებით გათვალისწინებულმა ჯაჭვმა არ იმუშავა.

სწორედ ეს - სამხედროებს შორის მედიატორის როლი - განასხვავებს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულს სახალხო დამცველისგან. მას უნდა ენდობოდნენ სამხედრო მოსამსახურეები. ასეთი ინსტიტუტი დიდი ხანია, ფუნქციონირებს გერმანიაში, ბუნდესვერში და მისი ეფექტიანობა დრომ გამოცადა. ამიტომ ვთვლი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის დაკანონებას, ხოლო თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს შეუწყობს სამხედრო რწმუნებულს, რომ მან არმიაში სამხედროების უფლებათა დაცვა შეძლოს - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.

ვინ იცის, საქართველოში აქამდე რომ ყოფილიყო სამხედროების უფლებათა დამცველის ინსტიტუტი, იქნებ ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსისათვის ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებები არ წაეყენებინათ...