თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი ციხეში, მესამე... - კვირის პალიტრა

თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი ციხეში, მესამე...

2004 წლის გაზაფხულიდან 2012 წლის ზაფხულამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავდაცვის სამინისტროში შვიდი მინისტრი გამოცვალა - გელა ბეჟუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძე, ბაჩანა ახალაია და დიმიტრი შაშკინი.

რვა წელიწადში შვიდი ხელმძღვანელის გამოცვლა ცხადყოფს, რომ თავდაცვის უწყებაში ყველაფერი კარგად არ არის, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მინისტრთაგან ოთხს (ბეჟუაშვილს, ბარამიძეს, სიხარულიძესა და შაშკინს) მხოლოდ რამდენიმე თვით მოუწია მინისტრის სავარძელში ჯდომამ.

ყველაზე დიდხანს (თითქმის სამი წელი) თავდაცვის უწყებას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. თითქმის ორი წელი კი სამინისტროს სათავეში ირაკლი ოქრუაშვილი იყო. დღეს გისოსებს მიღმა სწორედ ისინი სხედან.

ბაჩო ახალაიას თითქმის ყოველკვირა ახალი მომჩივანი უჩნდება და ბრალდებებიც თანდათან უმძიმდება.

უკეთეს დღეში, წესით, არც ირაკლი ოქრუაშვილი უნდა იყოს. 2011 წლის 26 მაისისთვის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ცხინვალიდან სატვირთო მანქანით თბილისზე გამოლაშქრების ბრალდება "ნაციონალების" სინდისზე იყოს, მაგრამ მისგან სხვა, უფრო მნიშვნელოვან კითხვებზე ველით პასუხს.

ქართულ არმიაში, სამხედრო ნაწილების პლაცსა თუ ყაზარმებში, გინება და ცემა სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დროს დაიწყო, რაც ზოგიერთს, რატომღაც, აღარ ახსოვს. მისმა ხშირმა ძახილმა - ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო, უარყოფითად იმოქმედა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და 2006 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის თავდაცვის სამინისტროს ჩამოაცილა.

2005-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინიდან შემოტანილ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში ნაყიდ უვარგის ვაზნებთან დაკავშირებული სკანდალებიც გვახსოვს. თუმცა ყველაზე ძვირად ღირებული სკანდალი უკავშირდება პასიური რადიოელექტრონული დაზვერვის "კოლჩუგას" ტიპის სისტემის 15,6 მლნ დოლარად შესყიდვას, რომლის ფასი უკრაინულმა მხარემ 12 მლნ დოლარამდე შეამცირა და მოლაპარაკების შემთხვევაში შეიძლებოდა, 9 მლნ დოლარამდეც ჩამოსულიყო.

ვინ იყიდა 3,6 მლნ დოლარით ძვირად "კოლჩუგები" - მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თუ გადამწყვეტი სიტყვა მაინც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა? ამის გარკვევა აუცილებელია, ხოლო კითხვა - რატომ ვერ გამოვიყენეთ ეფექტურად (ან საერთოდ გამოვიყენეთ კი?) "კოლჩუგები" აგვისტოს ომში? - სხვა თავდაცვის მინისტრს უნდა დავუსვათ...

2005 წლის 20 სექტემბერს სეპარატისტებმა თავიანთი დღესასწაულის აღსანიშნავად ცხინვალის ცენტრში, აღლუმზე, მძიმე ჯავშანტექნიკა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გამოიყვანეს. ქართულ მხარეს მიეცა საშუალება, საერთაშორისო სარბიელზე გაეპროტესტებინა ეს ფაქტი, მაგრამ იმავე დღეს ცხინვალის ქუჩებში ნაღმსატყორცნის ოთხი ნაღმი აფეთქდა. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებმა მალევე დაადგინეს (ნაღმების მიწაზე დაცემის კუთხით), რომ გაისროლეს ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან და იმის მაგივრად, რომ ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სამშვიდობო მანდატის დარღვევის გამო პასუხი მოგვეთხოვა, თავად მოგვიწია თავის მართლებამ.

ძნელი დასაჯერებელია, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ნაღმსატყორცნიდან ცეცხლის გახსნის შესახებ არაფერი იცოდა, მით უმეტეს, როგორც ამბობდნენ, სროლის დროს ნაღმსატყორცნთან მაშინდელი გენშტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილიც შეიძლებოდა ყოფილიყო... ასე რომ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

სანამ ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი განაჩენს ციხეში ელოდება, მათი მესამე კოლეგის, გიორგი ბარამიძისადმი სერიოზული ბრალდებები გაისმის. მართალია, ეს ბრალდებები მის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის ხანმოკლე პერიოდს უფრო შეეხება, ვიდრე თავდაცვის მინისტრობას, მაგრამ ამას შეიძლება გაგრძელება მოჰყვეს, განსაკუთრებით - აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით.

თუკი ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გამოძიება, არ არის გამორიცხული, კითხვები გაჩნდეს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის - დავით კეზერაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებითაც.

არა მარტო ქართული არმიის პრესტიჟის, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვისაც ძალიან ცუდია, როდესაც ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ციხეში ზის, კიდევ რამდენიმეს მისამართით კი უამრავი ბრალდება ისმის. თუმცა ობიექტური და სამართლიანი გამოძიების ჩატარება და სიმართლის დადგენა აუცილებელია, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, დამნაშავე დაისაჯოს, უდანაშაულო გამართლდეს, მომავალში კი მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ...