წელი განსჯისთვის... - კვირის პალიტრა

წელი განსჯისთვის...

აგვისტოს ომის ანალიზი - 2008-ში თბილისმა იგივე შეცდომები დაუშვა, რაც 1992-93 წლებში - აფხაზეთში

1992 წლის 14 აგვისტო - ტანკები სოხუმის ქუჩებში!

2008 წლის 8 აგვისტო - ტანკები ცხინვალის ქუჩებში!

ამ ორ მოვლენას ერთმანეთისგან 16 წელი ყოფს, მაგრამ ერთნაირი საბედისწერო შეცდომები აერთიანებს - ორივე შემთხვევაში ეს ტანკები ქართულდროშიანი იყო...

ისევე, როგორც აფხაზეთის ომის დაწყების წინ, სეპარატისტთა მაშინდელი ლიდერი არძინბა გაიძახოდა, - ქართველებს გაიძულებთ, იარაღით შემოგვიტიოთო; ასევე, 16 წლის შემდეგ, სეპარატისტთა მეორე ლიდერი კოკოითი ყველანაირად ცდილობდა, გამოეწვია ქართული მხარე და საპასუხო სროლებით ჩაეთრია ის დიდ ომში.

ორივე შემთხვევაში ომში ჩათრევის სცენარი თბილისმა ცხელ გულზე ან შეგნებულად აიტაცა...

სოხუმშიც და ცხინვალშიც ქართული ტანკების შესვლას სეპარატისტების მხარეზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩარევა მოჰყვა (აფხაზეთში შეფარულად, ცხინვალში - აშკარად) და შედეგი (ჩვენთვის ტრაგიკული!) ორივეჯერ ერთნაირი იყო - ქართული მოსახლეობის გენოციდი - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადამწვარი ქართული სოფლები!

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან ვინმე რომ ყოფილიყო აფხაზეთის ომში ნამყოფი (ერთი-ორის გამოკლებით), ეგებ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს ცივი გონებით ემსჯელა და იმავე ხაფანგში არ გაგვეყო თავი...

ცხადია, აგვისტოს ომში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვერ დავამარცხებდით, მაგრამ იმ რამდენიმე დღეშიც აგრესორებისთვის უფრო მტკივნეული დარტყმების მიყენება ქართულ არმიას ნამდვილად შეეძლო. ბოლოს და ბოლოს, «ვარდების რევოლუციიდან» აგვისტოს ომამდე ქართულ არმიაზე ხომ ოთხ მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა!

ომში არ უნდა ჩავყოლოდით, მაგრამ რაკი მაინც მოგვიწია ბრძოლამ, უფრო ეფექტიანად ხომ უნდა წაგვემართა?

აგვისტოს ომში, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, დაშვებულია რამდენიმე ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა.

ცხინვალის მიმართულებით მასირებული ცეცხლის გახსნა, მით უმეტეს, «გრადებით» (ეს უმართავი რაკეტები ქალაქის ნაგებობებს შორის აფეთქებისას არცთუ ეფექტიანია) დიდი შეცდომა იყო როგორც ტაქტიკური, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით. ეს რუსეთმა ანტიქართული პიარისთვის მარჯვედ გამოიყენა - თბილისი ცხინვალს «გრადებით» ანადგურებსო...

როდესაც ცნობილი გახდა როკის გვირაბიდან რუსული სამხედრო მანქანის შემოსვლის დაწყება (არადა, ამის მიხვედრას დიდი ფიქრი არც უნდოდა) ყველა საშუალების (მათ შორის ავიაციის, არტილერიისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების) გამოყენებით, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, უნდა ჩაგვეხერგა როკის გვირაბის სამხრეთი პორტალი ან აგვეფეთქებინა ის კლდეები, რომლებიც ჩახერგავდნენ როკის გვირაბიდან ჯავისკენ მომავალ სერპანტინს.

სტრატეგიული შეცდომა იყო შეტევის მიმართულების გადატანა ცხინვალის ასაღებად. ქალაქში ქუჩის ბრძოლებში შეჩერდა ქართული არმიის შეტევის სიჩქარე. სეპარატისტების შეიარაღებულმა რაზმებმა ქუჩის ბრძოლებში ჩაითრიეს ქართული დანაყოფები და მოიგეს დრო, რათა როკის გვირაბიდან შემოსულ რუსულ სამხედრო შენაერთებს ცხინვალამდე მოეღწია.

თავდაპირველად შეიძლება სამხედროების გეგმა არ ითვალისწინებდა ცხინვალზე პირდაპირ იერიშს. ქართულ ქვეით ბრიგადებს ძარის შემოვლითი გზით დასავლეთიდან, ხოლო აღმოსავლეთიდან - თლიაყანის გავლით, ალყაში უნდა მოექციათ ცხინვალი და ერთმანეთს გუფთასთან შეერთებოდნენ. გუფთის ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის საარმიო დანაყოფების წინსვლა ცხინვალისკენ მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა. ამასთან, ქართული შორსმსროლელი არტილერიის საცეცხლე პოზიციები (რომელთა დიდი ნაწილი გორი-თბილისის ცენტრალური გზის ახლოს იყო) აიწეოდა თითქმის ზემო ნიქოზამდე, ერგნეთამდე და ერედვამდე, საიდანაც უკვე როკის გვირაბის გამოსასვლელსა და ჯავის სამხედრო ბაზასაც იოლად მისწვდებოდნენ.

მაგრამ ქართველი სამხედროების გეგმის შეცვლა, სავარაუდოდ, გავლენიანმა სამოქალაქო მოხელეებმა (რომლებსაც სამხედრო საქმესთან შეხების არავითარი უფლება არ ჰქონდათ) განაპირობეს, მათ მსოფლიო დონის პიარი სჭირდებოდათ. უკვე გამზადებული ჰქონდათ 2000-მდე ქართული და ოსური დროშა «განთავისუფლებული» ცხინვალის მოედანზე აღსამართავად და იქიდან - პირდაპირი სატელევიზიო ეთერის ჩასართავად...

ზემოხსენებული და სხვა ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო კანონზომიერი გახდა ქართული არმიის უკანდახევა, რაც ზოგჯერ გაქცევაშიც გადაიზარდა.

ამ დროს მიიღეს მეტ-ნაკლებად სწორი გადაწყვეტილება - ჯარების უკანდახევისა და ძირითადი თავდაცვის პოზიციების თბილისის გარშემო მოწყობის თაობაზე. ამ არაპოპულარული ბრძანებით გადარჩა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების დიდი ნაწილი. თუმცა, ჩვენდა სამარცხვინოდ, მტერს საჯიჯგნად დავუტოვეთ ქართული სოფლები და ქალაქი გორი...

აგვისტოს ომის ერთი წლის თავზეც არ არსებობს რაიმე სერიოზული გარანტია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია არ გადმოლახავს უკვე საფუძვლიანად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ახალგორის რაიონის ჩათვლით) ადმინისტრაციულ  საზღვრებს.

მოსკოვი შეიძლება შეეცადოს ორჯერ - 1992-93 წლებში და 2008 წელს - ომში ჩათრევის კარგად აპრობირებული მეთოდის მესამედ გამოყენებას - ოს და აფხაზ სეპარატისტებს კვლავ შემოგვახვევს და ოფიციალურ თბილისს დააყენებს ახალი, მძიმე გადაწყვეტილების წინაშე - უპასუხოს თუ არა სეპარატისტების მიერ ქართული დასახლებული პუნქტებისთვის გახსნილ ცეცხლს.