პროვოკაცია, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა?! - კვირის პალიტრა

პროვოკაცია, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა?!

ვინ და რატომ ისროლა ყუმბარსატყორცნიდან რუსი "ცისფერჩაფხუტიანებისკენ" 8 აგვისტოს დილით და რა

წააგო ამით საქართველომ...

წინასწარ ვიცით, რომ ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება რუსულმა მხარემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ართქმაც არ შეიძლება, რადგან აგვისტოს ომის ამ ერთმა ეპიზოდმა, სავარაუდოდ, კრემლს საბაბი მისცა, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გაემართლებინა და მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა, თუ როგორ დაესხნენ თავს ქართველები რუსულ სამშვიდობო ძალებს.

"კვირის პალიტრა" რამდენიმე თვითმხილველს ესაუბრა. თუმცა შესაძლოა, მომხდარის მომსწრე იყოს ასზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მაშინ ცხინვალისკენ მიიწევდნენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

8 აგვისტოს, დილის ექვსის ნახევარზე, საარტილერიო მომზადების შემდეგ ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ ქართული არმიისა და პოლიციის რამდენიმე დანაყოფი და მძიმე ჯავშანტექნიკა დაიძრა.

თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც ორ ასეულამდე მებრძოლს აერთიანებდა, ზემო ნიქოზიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გავიდა, რათა ცხინვალის ქუჩებში დასავლეთიდან შესულიყო.

კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი დანაყოფები ფეხით გადაადგილდებოდნენ და სოფლიდან რვაასიოდე მეტრის გავლის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების ზედა ქალაქს მიუახლოვდნენ.

ჯერ კიდევ ზემო ნიქოზში, ოპერაციის დაწყების წინ მათ, ისევე, როგორც სხვა მებრძოლებმა, მიიღეს მკაცრი გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში პირველებს ცეცხლი არ გაეხსნათ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" მიმართულებით, რათა რუსებს ბრძოლის დასაწყებად საბაბი არ მისცემოდთ.

ამ ბრძანების თანახმად, დანაყოფებმა რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ქალაქს (რომელიც მავთულხლართით შემოღობილ 300მX120მ ფართობზე განლაგებულ რამდენიმე შენობას აერთიანებდა) მარცხნიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით შემოუარეს.

ამ დროს ცხინვალიდან სროლის ხმა უკვე ისმოდა, მაგრამ სამხედრო ქალაქში მყოფი რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" მშვიდად იყვნენ. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე შენობის სახურავზე განლაგებულ საცეცხლე წერტილებში იდგა და თვალს ადევნებდა მათი გვერდის ავლით 200-მდე ქართველი მებრძოლის გადაადგილებას.

დანაყოფების მებრძოლებმა ჩათვალეს, რომ მშვიდობიანად აუარეს გვერდი რუსულ სამხედრო ქალაქს და უკვე ცხინვალისკენ აპირებდნენ დაშვებას, რომ შეამჩნიეს - მათ ორი შავი "ჯიპი" (ოღონდ არა სამხედრო პიკაპები") წამოეწია. ქართველმა მებრძოლებმა იფიქრეს, რომ ეს რომელიმე მინისტრის ან მაღალჩინოსანი სამხედროს მანქანები იყო, რადგან ასეთი ძვირად ღირებული "ჯიპებით" მაშინ (და ახლაც) მხოლოდ მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ და მეთაურობასთან შესახვედრად მოემზადნენ, მაგრამ ორივე მანქანამ მოულოდნელად მოუხვია და ქართულ დანაყოფსა და რუსულ სამხედრო ქალაქს შორის, რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" პოზიციებიდან ჩრდილოეთის მხარეს, დაახლოებით 150-200 მ-ის მოშორებით გაჩერდა. მეწინავე "ჯიპიდან" სწრაფად გადმოვიდა ორი შავფორმიანი მამაკაცი, რომლებმაც, როგორც პროფესიონალებს შეჰფერის, ცალ მუხლზე ჩაიჩოქეს და რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" სამხედრო ქალაქისკენ РПГ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან ორჯერ გაისროლეს. მერე მანქანებში ჩასხდნენ და ორივე "ჯიპმა" დიდი სიჩქარით დატოვა იქაურობა.

სახტად დარჩენილმა მებრძოლებმა ვერც დაინახეს, სად აფეთქდა ეს რეაქტიული ჭურვები, მაგრამ მცირედი დაყოვნების შემდეგ სამხედრო ქალაქის ერთ-ერთი შენობის სახურავიდან რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა" ტყვიამფრქვევებიდან საპასუხო ინტენსიური ცეცხლი გახსნეს(!).

რუსები "ჯიპებს" ვეღარაფერს დააკლებდნენ, სამაგიეროდ, მათი სამიზნე აღმოჩნდნენ ქართველი სამხედროები, რომელთაც მანამდე რუსულ სამხედრო ქალაქს მშვიდობიანად ჩაუარეს გვერდით.

რუსების ცეცხლს ჩვენმა მებრძოლებმა ცეცხლითვე კი უპასუხეს, მაგრამ სწრაფად გაცლა არჩიეს, რადგან მათი საბრძოლო ამოცანა ცხინვალში შესვლა გახლდათ და არა - რუსული სამშვიდობო ძალების ზედა სამხედრო ქალაქის აღება.

რა მოხდა? ვინ იყვნენ იმ შავ "ჯიპებში"? რატომ ესროლეს მათ ყუმბარსატყორცნებიდან რუს "ცისფერჩაფხუტიანებს"? - ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა ამ დანაყოფების მებრძოლებს, მაგრამ შემდეგ დაიწყო შეტევა ცხინვალის ქუჩებში და ზემოხსენებული ინციდენტისთვის აღარავის ეცალა.

სამაგიეროდ, ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი დაინტერესდება, რა საჭირო იყო ცეცხლის გახსნა რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" სამხედრო ქალაქის მიმართულებით.

ეს მოხდა 8 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6 სთ-სა და 15 წუთზე, რამაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა, 8 აგვისტოს შუადღისთვის მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა, რომ ქართველებმა კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსულ სამშვიდობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს და რუსეთი იძულებულია, თავისი სამშვიდობოების დასაცავად ცხინვალში დამატებითი საბრძოლო დანაყოფები შეიყვანოს...

რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ზედა სამხედრო ქალაქი შემდგომ საათებში ორმხრივი სროლის ადგილად იქცა. ბრძოლაში ქართველი ტანკისტებიც ჩაერთვნენ და მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურეს, ხოლო სამსართულიანი ყაზარმა ნანგრევებად აქციეს.

ვინც მაშინ რუსების სამხედრო ქალაქს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ესროლა, თავის მიზანს მიაღწია - კრემლს საბაბი მისცა, საქართველო რუსეთის სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ აგრესიაში დაედანაშაულებინა.

სხვათა შორის, 8 აგვისტოს დილით ამ სტატიის ავტორი სხვა ჟურნალისტებთან ერთად იყო სოფელ მეღვრეკისის ჩასახვევთან, ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე, ოციოდე მეტრის იქით კი, რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რუსების БМП-1 ტიპის ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა იდგა. ქართულმა ტანკებმა და ქვეითებმა, რომლებიც ერგნეთისკენ მიდიოდნენ, ამ რუსულ პოსტს ისე ჩაუარეს, ერთმანეთისთვის არავის უსვრია.

რა მოხდა? თუკი ქართულმა დანაყოფებმა მეღვრეკისთან შეძლეს რუსული პოსტისთვის მშვიდობიანად გვერდის ავლა, რატომ ვერ მოხერხდებოდა ეს რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ზედა სამხედრო ქალაქთან, რომელიც ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით 300 მ-ით იყო დაშორებული?

ამ ინციდენტის მომსწრე საბრძოლო დანაყოფების წევრები ეჭვობენ, რომ ის ორი "ჯიპი" შეიძლებოდა შსს-ს რომელიმე სპეცდანიშნულების რაზმისა ყოფილიყო...