მოძველებული "კალაშნიკოვები" - რეზერვისთვის თუ ჯართისთვის?! - კვირის პალიტრა

მოძველებული "კალაშნიკოვები" - რეზერვისთვის თუ ჯართისთვის?!

თავდაცვის სამინისტრომ 6 დეკემბერს გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, ხელმძღვანელობის დროს თავდაცვის სამინისტრომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმებისაგან 12 მლნ ევროს ღირებულების АК-47 და АКС-47 ტიპის მოძველებული და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული რამდენიმე ათეული ათასი ავტომატი შეიძინა, თითოეული - 290 ევროდ.

ამ განცხადებაში ყურადღებას იპყრობს სამი გარემოება: ავტომატების გამოშვების თარიღი, მათი ტექნიკური მდგომარეობა და ფასი.

დავიწყოთ ფასით. "კალაშნიკოვი" საზღვარგარეთ შეიძლება 50, 80 და 200 ევროც ღირდეს, თუმცა მაშინ, როდესაც ვინმე ერთ ან რამდენიმე ავტომატს ყიდულობს და თანაც, იარაღის "შავ ბაზარზე". მაგრამ რამდენიმე ათეულათასიანი პარტიის შესყიდვისას პატიოსანი მყიდველი - სახელმწიფო ჩინოვნიკი - ეცდება, გამყიდველს თითოეული ერთეულის ფასი დააკლებინოს. ამიტომ ერთ "კალაშნიკოვში" გადახდილი 290 ევრო (600 ლარზე მეტი) ხელოვნურად გაზრდილი (დაახლოებით 3-4-ჯერ) ფასია და ამ ყველაფერს მსხვილი "ოტკატის" სუნი უდის.

მეორე საკითხი - რატომ არჩიეს მაინცდამაინც "კალაშნიკოვების" შესყიდვა, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ NATO-ს სტანდარტზე გადასასვლელად ქართული არმია ამერიკული M4-ებით უნდა შეეიარაღებინა?

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა "ფეისბუკის" თავის გვერდზე ამის ახსნა სცადა. მისი მტკიცებით, სამხედრო ექსპერტებმა ხელისუფლებას ურჩიეს, რეზერვის შესაიარაღებლად უფრო რთული ამერიკული M4-ების ნაცვლად, მარტივი საბჭოთა "კალაშნიკოვები" შეეძინათ. შაშკინი გვარწმუნებს, რომ პარტიზანული ომის შემთხვევაში რეზერვისტებს გაუადვილდებოდათ ტყვია-წამლის მარაგის შევსება იმ რუსი ჯარისკაცებისგან, რომლებიც ასევე "კალაშნიკოვებით" იქნებოდნენ შეიარაღებულნი.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფს პროფესიულ სამხედრო განათლებას არ სთხოვენ, თუმცა უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შაშკინმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ რუსეთის არმია 20 წელია, მხოლოდ 5,45მმ კალიბრის АК-74-ებითაა შეიარაღებული, ხოლო ქართული რეზერვისთვის შესყიდული "კალაშნიკოვები" 7,62მმ კალიბრის ვაზნებზეა გათვლილი!

შესყიდული ავტომატების სახელწოდებაა АК და АКС (და არა АК-47 და АКС-47); მათ საბჭოთა კავშირი აწარმოებდა 1949 წლიდან 1959 წლამდე, როდესაც საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მოდერნიზებული АКС-ები გამოჩნდა. ქარხნული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ისე შეინახო ხელუხლებელი მარაგის სახით, რომ ბრძოლისათვის ნახევარი ან ერთი საუკუნის შემდეგაც გამოდგეს, თუმცა ძალზე საეჭვოა, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს შესყიდული "კალაშნიკოვები" ასეთი კატეგორიის იყოს. თითოეული მათგანიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი გასროლაა განხორციელებული, რაც ამ ავტომატების საცემ-სასხლეტი მექანიზმებისა და ლულების რესურსს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

თუ ეს მართლაც ასეა, ყოფილი ხელისუფლების მისამართით ისმის კითხვა: ბატონებო, რეზერვისტებს ადამიანებად არ მიიჩნევდით და მათ უვარგისი იარაღით სასიკვდილოდ გზავნიდით?