შტაბის უფროსობა მაინც საჯილდაო ქვად იქცა - კვირის პალიტრა

შტაბის უფროსობა მაინც საჯილდაო ქვად იქცა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე არ დაამტკიცა გენერალი კაპანაძე და კომპრომისული ვარიანტი გაიტანა.

"გენშტაბი შეიძლება საჯილდაო ქვად იქცეს", - ამ სათაურით 15 ოქტომბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდით, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს წარადგენდა, მაგრამ თუკი მას პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, არ დაამტკიცებდა, მაშინ ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა საჯილდაო ქვად გადაიქცეოდა, რაც ქართულ არმიას პრობლემებს შეუქმნიდა.

ამას მოჰყვა მაშინდელი გაერთიანებული შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ გიგი კალანდაძის დაპატიმრება, მერე გამოშვება და რამდენიმე საათით პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე აღდგენა, შემდეგ პროკურატურის ახალი ბრალდება და შტაბის უფროსობის შეჩერება.

ამის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნა, დაკავშირებული NATO-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ჩაშლილ სტუმრობასთან. თუმცა, 12 ნოემბრის "კვირის პალიტრის" სტატიაში "არც ერთი იყო პოლიტიკური პატიმარი და არც მეორე ომის გმირი..." გამოვთქვით ეჭვი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მაინც არ დაამტკიცებდა გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალ კაპანაძეს (რომელიც იმ დროისთვის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა), თუნდაც იმიტომ, რომ ის თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის კანდიდატურა იყო.

ასეც მოხდა, - 5 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე 44 წლის პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაამტკიცა. ეს სამხედრო საქმეში ჩახედულებისთვის მოულოდნელობა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მანამდე ბატონი ძნელაძე ჩვეულებრივი სამხედრო ჩინოვნიკი გახლდათ და არც არასდროს ჰქონია პრეტენზია ქვეყნის პირველ სამხედროდ გადაქცევაზე. ამ სტატიის ავტორმა 20 წლის წინ თავდაცვის სამინისტროში სამსახური ირაკლი ძნელაძესთან ერთ პერიოდში დაიწყო და მისი დახასიათება შეუძლია როგორც მცოდნე და პასუხისმგებლობიანი ოფიცრისა, რომელმაც სამხედრო კარიერა საკუთარი შრომით შექმნა. თუმცა, მის სამხედრო კარიერაში ერთი დიდი მინუსია - მას არასოდეს უმეთაურია ოცეულისთვისაც კი, რადგან მუდმივად შტაბში მუშაობდა და წმინდა "შტაბნიკია", ამ სიტყვის კარგი გაგებით.

გაერთიანებული შტაბის ახალმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში არ დამალა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა გარდამავალ პერიოდში მოუწევს. გარდამავალი პერიოდი, სავარაუდოდ, 2013 წლის შემოდგომამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გასტანს.

თავის მხრივ, არც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ერიდება იმის საჯაროდ დაფიქსირებას, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსად პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის დამტკიცება კომპრომისული შეთანხმებაა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის.

როგორც კულუარული ინფორმაციით ირკვევა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაერთიანებული შტაბის უფროსის სხვა კანდიდატურებიც ჰყოლია, მათ შორის გენერალი დავით ნაირაშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე, მალხაზ მერლანი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გენერალი შალვა ჯანაშვილი, რომლის სახელი პირდაპირ ასოცირდება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დარბევასთან.

ამ სიიდან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, ყველაზე უწყინარ კანდიდატად სწორედ პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე მიიჩნია და პრეზიდენტ სააკაშვილთან კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწია.

რეალურად კი, როგორც ჩანს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარუძღვება, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, როდესაც ამ დღეებში ჟ-ების (გაერთიანებული შტაბის კადრების, დაზვერვის, ოპერატიული, ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, განათლების სამმართველოები) უფროსებად ის ძველი, გამოცდილი სამხედროები დაინიშნენ, რომლებიც თავის დროზე გენერალ კაპანაძესთან ერთად მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში.

ასევე მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში თანამდებობა დატოვოს გაერთიანებული შტაბის უფროსის რამდენიმე მოადგილემ. სამაგიეროდ, აშშ-დან დაბრუნდება პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება.

ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებულ ძალებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. ის 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტამდე გაერთიანებულ შტაბსაც ედგა სათავეში, მაგრამ ეს თანამდებობა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ბაჩანა ახალაიასთან კონფლიქტის გამო დატოვა. ისე, ვისაც ახსოვს, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემაც 2005 წლის აგვისტოში გენშტაბის უფროსის პოსტი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა.

არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ მმართველ ორგანოში - გაერთიანებულ შტაბში (არადა, ეს სახელი არაფრით შეესაბამება რეალობას და უპრიანი იქნება ისევ გენერალური ან სულაც მთავარი შტაბი ეწოდოს) ნელ-ნელა თავს მოიყრიან გამოცდილი სამხედროები, რომლებსაც სამხედრო კარიერის ყველა საფეხური აქვთ გავლილი.

რაც მთავარია, უნდა იყო სრული გაგება თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ პრობლემებს ვერ ავცდებით, რაც დააზარალებს ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.

თემაზე - გვქონდა კი MAP-ის მიღების შანსი?

პოლონეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი უცნაური განცხადება გააკეთა - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რომელიც მაგრად ჩავატარეთ, გაჩნდა შანსი, მიგვეღო MAP-ი, მაგრამ ბოლო თვეების მოვლენებმა ამის საშუალება არ მოგვცაო. სავარაუდოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი იმას გულისხმობს, რომ ბოლო პერიოდში ზოგიერთი პირის, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დაპატიმრების გამო საქართველოს პრესტიჟი დასავლეთში შეილახა და ამიტომაც და ისევ MAP-ის გარეშე დავრჩით.

ძნელია პრეზიდენტს შეეკამათო, როდესაც მას უდავოდ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ჯანსაღი აზრი გვიკარნახებს ვთქვათ, - რომელ MAP-ის მინიჭებაზეა ლაპარაკი, როდესაც თითქმის ყოველდღე ისეთი ამაზრზენი ამბები ხდება ცნობილი, რომლებიც ბოლო წლებში "ჩაკეტილ" ქართულ არმიაში ხდებოდა, იყო ეს სამხედროების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თუ ოფშორულ ზონებში მოძველებული, რამდენჯერმე გარემონტებული "კალაშნიკოვების" რეალურ ღირებულებაზე 3-4-ჯერ ძვირად ყიდვა და ა.შ. უნდა თუ არა ამის აღიარება ძველ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში გადასულ ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს NATO-ში გაწევრება სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომმა ძალზე დიდი ხნით გადასწია.