ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?! - კვირის პალიტრა

ვის და რატომ უნდა ესროლა თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე?!

2012 წლისაგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში  შეიარაღებული რაზმის განადგურების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო მათი უარიც საიდუმლო ბრძანების შესრულებაზე - იარაღის გამოყენებით ჩაეშალათ თელავში დაგეგმილი "ქართული ოცნების" მიტინგი...

9 სექტემბერს თელავში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიტინგზე, რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბა. აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთვლით 30-მდე უცნობი პირის მიერ პანკისიდან ჩამოსული ორი მომიტინგის სასტიკ ცემას.

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, თელავში ბიძინა ივანიშვილის მომხრეებისა და სავარაუდოდ, თავად "ქართული ოცნების" ლიდერის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციაც იყო მოსალოდნელი.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, თელავში დაგეგმილ "ქართული ოცნების" მიტინგთან ყოფილიყო დაკავშირებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წევრებთან ერთად თელავში 2 სექტემბერს უნდა ჩასულიყო, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 28-30 აგვისტოს, თელავიდან დაახლოებით 25 კმ-ში სროლის ხმა და შვეულმფრენების გუგუნი ისმოდა. არ შეიძლებოდა იმის გამორიცხვა, რომ მეზობელ რუსეთს საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბით საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირება წამოეწყო.

მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები თავიდანვე იბნეოდნენ იმის ახსნისას, თუ რა ხდებოდა სოფელ ლაფანყურთან. ჯერ დაჟინებით უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა რამდენიმე იქაური ახალგაზრდა მძევლად აიყვანა და საქართველოში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

შემდეგ, როდესაც მასმედიის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებული შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის პანკისის ხეობის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე ქისტებიც იყვნენ, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ხეობაში უნახავთ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან კი არ გადმოვიდა საქართველოში, არამედ პირიქით, ლოპოტის ხეობიდან დაღესტანში აპირებდა გადასვლას.

ამ გარემოებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თუკი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, მაშ, როგორ მოასწრო ამ ჯგუფმა კარგად შეიარაღება და ლაფანყურამდე მანქანებით, შეუმჩნევლად რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა?

ამან კიდევ ერთი ეჭვი გააჩინა - ხელისუფლებას და განსაკუთრებით შსს-ს ხელმძღვანელობას კარგად მოეხსენებოდა პანკისის ხეობაში ასეთი შეიარაღებული ჯგუფის (ან უფრო სწორად - ჯგუფების) არსებობის შესახებ, მეტიც, როგორც ამბობენ, შსს თავად ქმნიდა, აიარაღებდა და წვრთნიდა მათ, როგორც რეზერვისტებს (შაქრიანის პოლიგონსა და ფიჩხოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე).

თუკი ეს მართლაც ასე იყო, ესე იგი შსს-ს ხელმძღვანელობა რაღაც მიზნით ამზადებდა პანკისის ხეობაში მცხოვრებ და მათთან დაკავშირებულ პირთა ჯგუფს, რომელსაც საჭირო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობის სპეციალური დავალებები უნდა შეესრულებინა, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

როდესაც შსს-ში ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიამ შეცვალა, სავარაუდოდ, იმ საიდუმლო შეიარაღებულ ჯგუფს, რომელსაც პანკისის ხეობასთან ჰქონდა კავშირი, ახალი სპეციალური დავალება მიეცა.

არაოფიციალური წყაროების ცნობით, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ახალი კონკრეტული ამოცანა დაუსახა, კერძოდ, სპეცოპერაციის ჩატარება არა საქართველოს საზღვრებს გარეთ (რაც, სავარაუდოდ, ამ ჯგუფებს ადრე არაერთხელ ჰქონდათ შესრულებული), არამედ თელავში, სადაც 2 სექტემბერს "ქართული ოცნება" მიტინგის ჩატარებას გეგმავდა.

"ქართული ოცნების" მიტინგზე აუცილებლად ჩავიდოდა ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც.

შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ პირთა ჯგუფს, სავარაუდოდ, მისცა კონკრეტული დავალება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაეშალა თელავში დაგეგმილი "ქართული ოცნების" მიტინგი.

როგორც ჩანს, ჯგუფის წევრებმა არ ისურვეს ასეთი ბრძანების შესრულება, რასაც შსს-ს მუქარა მოჰყვა მათი შესაძლო დაპატიმრებების შესახებ.

სავარაუდოდ, ამ შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა ქართულ ციხეებში ჯდომას, ისევ ჩრდილო კავკასიაში გადასვლა და რუს ფედერალებთან შებრძოლება არჩიეს (რაც მანამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ), ამიტომაც მანქანებით პანკისის ხეობიდან ჯერ ლაფანყურში ჩავიდნენ, შემდეგ კი ლოპოტის ხეობის გავლით რუსეთის საზღვრისკენ დაიძრნენ. იქ ისინი ახალგაზრდების ჯგუფს გადაეყარნენ და დროებით თან გაიყოლეს, რათა სოფელში ჩასულებს მათ შესახებ პოლიციაში არ განეცხადებინათ.

მიუხედავად ამისა, პანკისიდან ლოპოტისკენ შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილება შსს-ს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია და ლოპოტის ხეობაში ისინი ალყაში მოაქციეს.

მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, ჯგუფის წევრებმა უარი თქვეს იარაღის დაყრასა და დანებებაზე.

ამ შეიარაღებული ჯგუფის ლოპოტის ხეობაში, რუსეთის საზღვრიდან 5-6 კმ-ში, ყოფნის შესახებ მასმედიამ მთელ მსოფლიოს აუწყა, ბუნებრივია, რუსეთის ფედერალურმა ძალებმაც საზღვრის მეორე მხარეს ჩასაფრებები მოაწყვეს.

ასეთ დროს საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფის გადასვლა ორმხრივ სროლაში გადაიზრდებოდა, რაც ოფიციალურ თბილისს საერთაშორისო არენაზე არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებდა და მოსკოვს მისცემდა საბაბს, თბილისი რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეგზავნის მცდელობაში დაედანაშაულებინა.

ამის გამო, სავარაუდოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ამ ჯგუფის ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, რაზეც მეტყველებს მოლაპარაკებაზე მისული ახმედ ჩატაევისა და მისი თანმხლები ჩეჩნების მისამართით მოულოდნელად სროლის ატეხა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის ლიკვიდაციით მოიგებდა ის, ვინც მანამდე მათ მოსთხოვა, 2 სექტემბერს თელავში "ქართული ოცნების" მიტინგზე შეიარაღებული პროვოკაცია მოეწყო - მიცვალებულები ხომ არ ლაპარაკობენ...

არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულ ჯგუფს გამოეყო რამდენიმე კაცი, რომლებმაც მაინც მოახერხეს რუსეთის საზღვარზე გადასვლა და მიიმალნენ.

ლოპოტის ხეობაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო "ქართულმა ოცნებამ" თელავში დაგეგმილი მიტინგი ერთი კვირით გადადო და 9 სექტემბერს გამართა. თუმცა მიტინგის შემდეგ 30-მდე უცნობმა მაინც სცემა პანკისის ხეობიდან მიტინგზე ჩამოსულ ორ ახალგაზრდას, რაც შეიძლება მანამდე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს.

ჩვენ, ცხადია, არ ვამტკიცებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში ყველაფერი სწორედ ასე მოხდა, თუმცა სხვადასხვა ფაქტის გაანალიზების შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ მაშინდელი ხელისუფლება, შესაძლოა, მართლაც გეგმავდა რაიმე ისეთს თელავში, "ოცნების" მიტინგზე, რასაც შეიძლება საყოველთაო ქაოსი და რეპრესიების ტალღა მოჰყოლოდა, რაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ფაქტობრივად გამორიცხავდა.