2012 წლის სამხედრო მოვლენების მიმოხილვა - კვირის პალიტრა

2012 წლის სამხედრო მოვლენების მიმოხილვა

1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა გააჩინა იმედი, რომ ქართული არმია დეპოლიტიზებული გახდება და აღდგება სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, რაც ბოლო წლებში აღარ არსებობდა...

2012 წელი შეიძლება მართლაც გარდამტეხი გამოდგეს, რადგან 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაასრულა "ნაციონალური მოძრაობის" თითქმის 9-წლიანი ერთპიროვნული მმართველობა. თუმცა, ამან ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დაამყარა, - პრეზიდენტი თავს ოპოზიციონერად თვლის და ახალ მთავრობასთან  დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სახიფათო თამაშები შტაბის უფროსის პოსტის გამო

სწორედ ორხელისუფლებიანობის შექმნის დიდი საშიშროება იყო ქართულ არმიაშიც, - როდესაც უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნები წააგო, პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე სასწრაფოდ დანიშნა ბრიგადის გენერალი გიგი კალანდაძე, მიუხედავად იმისა, რომ შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს ახალი გაგრძელებული ჰქონდა შტაბის უფროსობის მეორე ვადა.

ოპოზიციაში გადასულმა პრეზიდენტმა ისურვა, რომ გაერთიანებულ შტაბში თავისი ერთგული პირი ჰყოლოდა. გენერალი ჭანკოტაძეც უსიტყვოდ ასრულებდა თავისი უშუალო უფროსის, პრეზიდენტის, ყველა მოთხოვნას, მაგრამ "ნაცმოძრაობის" გეგმაში, რომელიც, სავარაუდოდ, ქართულ არმიაშიც ორხელისუფლებიანობის დამკვიდრებას აპირებდა, უფრო კალანდაძის ფიგურა იყო მისაღები.

თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდგომ, ზღვასავით წამოვიდა ის ბრალდებები, რასაც ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს, გიგი კალანდაძეს უყენებდნენ. ამ ბრალდებების გათვალისწინებით, რაც ხელქვეითების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს შეიცავდა, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო გენერალი კალანდაძე ორჯერ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს განაჩენს ელოდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სცადა პირველი დაკავების შემდგომ გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლებული კალანდაძის დაბრუნება გაერთიანებული შტაბის უფროსის კაბინეტში, მაგრამ ის ვეღარ გაითვალისწინა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პოსტის ჩაბარება კანონით აკრძალულია.

იმის გამო, რომ ახალმა მთავრობამ მისი დანიშნული გაერთიანებული შტაბის უფროსი კალანდაძე "არ გაახარა", პრეზიდენტმა სააკაშვილმაც არ დაამტკიცა ამ თანამდებობაზე ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურა, რადგან ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

საბოლოოდ, დასავლეთის რჩევისა და დიპლომატიური ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიეს და გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაამტკიცეს. თუმცა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება გაერთიანებულ შტაბში შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ექნება.

ამერიკული სამხედრო დახმარების პერსპექტივები

წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის  სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმა. შეთანხმებას პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის დამდეგს ვაშინგტონში მიაღწიეს.

თუკი აქამდე აშშ-ის სამხედრო დახმარება უფრო მიმართული იყო ჯერ ერაყში, ხოლო შემდგომ ავღანეთში გასაგზავნი ქართული სამხედრო კონტინგენტის აღჭურვისა და გაწვრთნისკენ, ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ეხებოდა. კერძოდ, შეთანხმების ექვსი პუნქტი მოიცავს: ოპერატიულ საჰაერო კონტროლსა და საჰაერო თავდაცვას; საბრძოლო თავდაცვით საინჟინრო საქმეს; მხარდამჭერი შვეულმფრენების პარკის განახლებას; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროებში წვრთნებსა და განათლებას, ასევე სერჟანტებისა და უმცროსი ინსტრუქტორების მომზადებას ტაქტიკურ დონეზე და ბრიგადების მმართველობისა და შტაბის წვრთნასა და განათლებას.

ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა სექტემბრიდან დაიწყეს ჩამოსვლა ამ ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციისთვის და არის დიდი იმედი, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება საქართველოში, რაზეც მინიშნება თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა, რომელსაც უკვე ჰქონდა შეხვედრები ამერიკულ მხარესთან.

უკანონო მოსმენები და თვალთვალი თავდაცვისგან

2011 წლის ბოლოს საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა საუკეთესო საჩუქარი "უძღვნა" იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსაც. პარლამენტმა უფლება მისცა ამ უწყებებს, ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით განეხორციელებინათ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირება, ანუ სპეცსამსახურებს აღარ სჭირდებოდათ თხოვნით მიემართათ ამა თუ იმ მობილური თუ ფიქსირებული ქსელების ოპერატორებისთვის, რათა ისინი კავშირგაბმულობის მონაცემთა საკუთარ ბანკებში შესამოწმებლად დაეშვათ. სპეცსამსახურებს თავიანთ კომპიუტერულ ქსელში გაუჩნდათ ყველა მონაცემი, თუ ვინ სად რეკავდა, ვის ურეკავდა, რა ადგილას იმყოფებოდნენ აბონენტები და რაც მთავარია, რაზე საუბრობდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, სპეცსამსახურებმა და მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურმა სამსახურმა ამით დაუზარებლად ისარგებლეს. თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის დავალებით ყველას უსმენდნენ - დაწყებული სამხედროებით, პოლიტიკოსებითა და დამთავრებული სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებით (მათ შორის ამ სტატიის ავტორიც შედიოდა).

"ფარული მოსმენების, რომელსაც თავდაცვის უწყება მანამდე ახორციელებდა, 80% იყო უკანონო, რადგან არ ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩანაწერები შსს-ს გადავეცით და უნდა განადგურდეს, ხოლო მოსასმენმა აპარატურამ ერთი უწყების ხელში უნდა მოიყაროს თავი, რა თქმა უნდა, არა თავდაცვის სამინისტროში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კარგია, თუ უკანონო მოსმენები აღარ იქნება, მაგრამ დაისჯებიან კი ის ყოფილი თუ ჯერ კიდევ მოქმედი მაღალჩინოსნები (მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან), ვინც ამ უკანონობას სჩადიოდნენ?

რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე შემცირდა

1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე თვეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი გუნდი საზოგადოების დაზაფვრას ცდილობდა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროებით, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩრდილო კავკასიაში დაგეგმილ რუსულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლება Кавказ-2012-ს.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, თუმცა, აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მართლაც გააჩინა იმის შიში, რომ მოსკოვი საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყების საბაბით საქართველოში პროვოკაციას მოაწყობდა, რაც ჩაშლიდა დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ლოპოტის ხეობის საქმეს ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა სჭირდება.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთის (რომელსაც ისედაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი) სამხედრო აგრესიის განახლების ალბათობას, ის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირა.

არჩევნებში "ნაცმოძრაობის" დამარცხებამ კრემლს ხელიდან გამოსტაცა ის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რითაც საქართველოს ემუქრებოდა, კერძოდ, ქვეყნის სათავეში იმ ხელისუფლების ყოფნა, რომელიც, მოსკოვის აზრით, არაპროგნოზირებადი გახლდათ და იარაღს აჟღარუნებდა.

იმავე ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მთავრობას კრემლი ვეღარ წაუყენებს, რაც შედარებით დაბლა სწევს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ტემპერატურას, თუმცა, სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე არიან და მოსკოვს აღიარებული აქვს სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, სრულ ჰარმონიაზე ლაპარაკი ნაადრევია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რუსეთმა 2012 წელს, ფაქტობრივად, დაამთავრა მე-4 (ცხინვალის რეგიონი) და მე-7 (აფხაზეთი) საოკუპაციო სამხედრო ბაზების, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებზე ინფრასტრუქტურების შექმნა. დღეისათვის ამ ორივე რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მილიტარიზებული რეგიონებია.

NATO, ISAF-ი და 1600-მდე ქართველი ავღანეთში

მიუხედავად ორხელისუფლებიანობისა და დაპირისპირებისა, პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის გუნდებს სრული გაგება აქვთ ავღანეთში, ISAF-ის ძალებში ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის 1600 კაცამდე გაზრდის საკითხში.

ISAF-ის შემადგენლობაში სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, რაც მსოფლიოს უდასტურებს საქართველოს მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ, მაგრამ იმავდროულად, ძალზე ადიდებს საბრძოლო დანაკარგის ზრდის ალბათობას.

2009 წლის შემოდგომიდან 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა ავღანეთში 18 მებრძოლი დაკარგა (19 დეკემბერს ავღანეთში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქართველი ჯარისკაცი და მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს). დაჭრილთა ზუსტი რიცხვი კვლავ უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ას კაცს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არმიას სახმელეთო ჯარების ქვეითი დანაყოფების თითქმის 10% ავღანეთში ჰყავს მივლინებული, ეს არ ნიშნავს NATO-ში გაწევრების დაჩქარებას. NATO-ს ხელმძღვანელობა მიუთითებდა, რომ მთავარი იყო, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩაივლიდა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ახლა კი 2013 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასე რომ, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივა უახლოეს მომავალში სათუოა.

ქართული არმიის პერსპექტივები

თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უჭერს, აცხადებს, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული არმიის დეპოლიტიზებას, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის აღდგენას, სამხედრო უწყების გამჭვირვალობის გაზრდას, სამხედროების ცოდნის ამაღლებას, მათი და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ვეტერანთა პრობლემის გადაწყვეტასა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას; ანუ ლაპარაკია სწორედ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რაზეც "კვირის პალიტრის" მკითხველების ყურადღებას წლების განმავლობაში ვამახვილებდით.

იმედია, ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირებებად არ დარჩება და 2013 წელს თვალსაჩინო იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმასვლა.