"დიდგორისა" და "ლაზიკის" ამწყობ "დელტას" ამოწმებენ - კვირის პალიტრა

"დიდგორისა" და "ლაზიკის" ამწყობ "დელტას" ამოწმებენ

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შევიდა...

ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ მართავდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა "დიდგორის", "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტო თვითმფრინავის პრეზენტაციებს, რომლებიც სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იყო აწყობილი.

რა თქმა უნდა, მისასალმებელი იყო, რომ ქართველმა კონსტრუქტორებმა შეძლეს, სხვადასხვა ქვეყანაში შესყიდული დეტალებით აეწყოთ საბრძოლო მანქანების საცდელი ნიმუშები, თუმცა მაშინდელი მთავრობა ჯიუტად ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ ყველა დეტალი საქართველოში იყო წარმოებული და მათი სერიული გამოშვებაც - დაწყებული.

სინამდვილეში მხოლოდ "დიდგორი" იყო ორი-სამი ათეული, "ლაზიკის", "გრად-კრაზისა" თუ უპილოტოების რაოდენობა კი თითზე ჩამოითვლებოდა.

ეს არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან საჭირო იყო თითოეული ამ მანქანის სრულყოფილი გამოცდა, რაც დიდ დროს მოითხოვდა. ამასთან, თუკი რომელიმე მათგანი გამოცდას ჩააბარებდა, "ეფექტურობა-ღირებულების" პრინციპით უნდა განსაზღვრულიყო, რა დაუჯდებოდა მისი სერიული წარმოება სახელმწიფოს და უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა მისი ანალოგის საზღვარგარეთ შესყიდვა.

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, "დელტას" ყოფილმა ხელმძღვანელებმა ამა თუ იმ მოდელის დაპროექტებასა და დამზადებაზე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯეს.

სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია "დელტაში" სწორედ იმის დასადგენად შევიდა, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა ეს თანხა. საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, გენინსპექცია ფინანსურ დოკუმენტაციას მთავარ პროკურატურას გადასცემს.