პიარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია? - კვირის პალიტრა

პიარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია?

ავღანეთში პრეზიდენტის საახალწლო ვიზიტის შესახებ წინასწარ პირველად ჟურნალისტებს რომ ამოგვეღო ხმა, საიდუმლოს გამცემებად და ქვეყნის მოღალატეებად შეგვრაცხავდნენ...

თალიბებს ჩვენს პრეზიდენტზე ნაკლებად როდი უყვართ "პიარაქციები"

პრეზიდენტი ავღანეთში ჩადისო! - ასეთ ინფორმაციას ძნელად თუ მოისმენ მასმედიის საშუალებით, რადგან, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანას პირველი პირის ავღანეთში სტუმრობის შესახებ მთელი მსოფლიოც და ავღანელი თალიბებიც მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, როდესაც VIP-პერსონის თვითმფრინავი ავღანეთის საჰაერო სივრციდან გავა.

საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის 31 დეკემბერს ავღანეთში, ქართულ სამხედრო კონტინგენტთან სტუმრობის შესახებ კი ინფორმაცია ერთი კვირით ადრე "ფეისბუკით" თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, რომ შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სურს, პირადად მიულოცოს ახალი წელი ქართველ სამხედროებს და 31 დეკემბრის ღამეს მათთან ერთად იყოს პლანეტის ყველაზე საშიშ რაიონში - ჰილმენდის პროვინციაში.

ქვეყნის პირველი პირის ჩასვლა, რასაკვირველია, ჩვენი ბიჭების განწყობას აამაღლებს, თუმცა არის მეორე მხარეც. თალიბები, როგორც წესი, ცდილობენ მოაწყონ თავდასხმები, რომლებიც დიდ რეზონანსს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში. ამასთან, თალიბების ხელმძღვანელობისთვის უცხო აღარ არის ინტერნეტი, საიდანაც ისინი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების შესახებ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აშშ-ის სამხედრო მეთაურობამ ავღანეთში მყოფ და სახლში დაბრუნებულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს დაუგზავნა სპეციალური გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამია, რომ თალიბების წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში მომხიბვლელი მანდილოსნების სურათებით ეცნობიან სამხედროებს, ვირტუალურად  უმეგობრდებიან და შემდეგ ცდილობენ, მათგან ISAF-ის ძალებზე დეტალური და ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვონ.

როგორ გგონიათ, თუკი თალიბები ამას ახერხებენ, ვერ შეძლებდნენ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდიდან წაეკითხათ ინფორმაცია მისი ავღანეთში სტუმრობის შესახებ?

შეიძლება პირადად მიხეილ სააკაშვილს თალიბები არაფერს ერჩიან, მაგრამ NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი -  1600-მდე სამხედრო - სწორედ საქართველოს რომ ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში, ISAF-ის შემადგენლობაში, თალიბების ხელმძღვანელობას, ცხადია, ეცოდინება.

ის, რითიც ასე ამაყობს ძველი ხელისუფლებაც და ახალი მთავრობაც, შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, რადგან თალიბებს ჩვენს პრეზიდენტზე ნაკლებად როდი უყვართ პიარაქციები, რომლებიც მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევს.

ამიტომაც, ახალი წლის ღამეს ჰილმენდის პროვინციაში რომელიმე ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა იმ დროს იქ საქართველოს პრეზიდენტი, საუკეთესო პიარი იქნება თალიბებისათვის, რადგან ამ ფაქტს მთელი მსოფლიოს მასმედია გამოეხმაურება.

გამოდის, რომ ავღანეთში სტუმრობის წინასწარი გაცხადებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავღანეთში, ქართულ ბაზებზე თალიბების თავდასხმის საფრთხე მნიშვნელოვნად გაზარდა.

რა თქმა უნდა, ეს განცხადება ერთგვარი პიარი იყო - ნახეთ, ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი რა მამაცია, ახალ წელს ავღანეთში, ყველაზე საშიშ ადგილას ქართველ სამხედროებთან ერთად ხვდებაო!

მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ინფორმაცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, "ნაცმოძრაობის" ზოგიერთმა წევრმა ამ ნაბიჯის "გაპრავება" სცადა - ოფიციალურად ამ ვიზიტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განვაცხადეთ, რაც ინფორმაციამ ინტერნეტსივრცეში გაჟონაო.

ამ სტატიის ავტორმაც იცოდა, რომ პრეზიდენტი საახალწლოდ ავღანეთში ვიზიტს გეგმავდა, მაგრამ მას აზრად არ მოსვლია, ამის შესახებ დაეწერა, რადგან ასეთი საიდუმლოს დაცვა უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია. ცუდია, რომ ეს არ იციან იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც მზად არიან, ყველას საიდუმლოს გაცემა და სამშობლოს ღალატი დააბრალონ...

პრეზიდენტი სააკაშვილი რომც აღარ ჩავიდეს ავღანეთში, ქართველ მებრძოლებს ახალი წლის ღამეს საფრთხე მაინც ემუქრებათ, რადგან თალიბებს იქ რეზონანსული თავდასხმის მთავარი სამიზნე ეგულებათ.

P.S. 28 დეკემბერს, ამ სტატიის დაწერისას, ჯერ კიდევ უცნობი იყო იმ ქართველი კაპრალის ბედი, რომელიც ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარდა. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, არის დიდი ალბათობა, რომ ქართველი კაპრალი ცოცხალია. მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გაემგზავრა გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

"კვირის პალიტრა" იმედოვნებს, რომ გაუჩინარებული ქართველი კაპრალი ცოცხალია და ადრე თუ გვიან, ის სამშობლოში დაბრუნდება.