რუსეთის ოთხივე ფლოტი სირიას უახლოვდება - კვირის პალიტრა

რუსეთის ოთხივე ფლოტი სირიას უახლოვდება

საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად, რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალები ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროსთან, ყველაზე ფართომასშტაბიან სწავლებას იწყებენ...

სირიაში სისხლისმღვრელი, 21-თვიანი სამოქალაქო ომი არ წყდება და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში იგი გადამწყვეტ ფაზაში შევიდეს. ამაზე მიუთითებს დასავლეთის მიერ ოპოზიციის შეიარაღება და მისი გააქტიურება. თურქეთ-სირიის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ განთავსებულია ნიდერლანდებისა და გერმანიის მიერ თურქეთისთვის ნათხოვარი "პეტრიოტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებმაც საზღვრის გაყოლებით 900 კმ სიგრძის საჰაერო სივრცე უნდა გააკონტროლონ.

თავის მხრივ, აქტიურ ქმედებას იწყებს რუსეთიც, რომელმაც ჩინეთთან ერთად ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის პროექტი ჩააგდო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 დეკემბერს გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხმელთაშუა და შავ ზღვებში იანვრის ბოლოს ჩატარდება ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხივე - ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის ფლოტების სამხედრო ხომალდები და პირადი შემადგენლობა.

ამ ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლების მთავარი მიზანია რუსული სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების მოქმედებების დახვეწა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ.

საგულისხმოა, რომ რუსული საზღვაო სწავლებები თვის ბოლოს ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროს სიახლოვეს გაიმართება, ხოლო სწავლებაში მონაწილე რუსული ხომალდების ნაწილი (მათ შორის - დიდი სადესანტო ხომალდები) სირიის ქალაქ ტარტუსის პორტშიც შევლენ, სადაც ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ - რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა.

უცხოელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, რუსული სადესანტო ხომალდების კაპიტნებს დავალებული აქვთ სირიიდან რუსი ეროვნების მოქალაქეების სასწრაფო ევაკუაცია ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში.