მე-19 ტრაგედია ავღანეთში, რომელიც შეიძლებოდა, არ მომხდარიყო... - კვირის პალიტრა

მე-19 ტრაგედია ავღანეთში, რომელიც შეიძლებოდა, არ მომხდარიყო...

2012 წლის ბოლოს ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

ახალი წლის დღეებში ავღანეთიდან მოვიდა ინფორმაცია ახალი ტრაგედიის შესახებ - ქართველი სამხედრო, რომელსაც 19 დეკემბრიდან ეძებდნენ, სამწუხაროდ, დაღუპული აღმოჩნდა.

მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სერჟანტი გიორგი კიკაძე ISAF-ის ოპერაციაში 2012 წლის ოქტომბრიდან ჩაერთო. 20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა ქართველი სამხედრო მოსამსახურე და ISAF-ის სარდლობამ მისი "ძიება-გადარჩენის" ოპერაცია დაიწყო.

გასაგები მიზეზების გამო მაშინ თავდაცვის უწყებას დაკარგული სამხედროს ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა მის ოჯახს მომხდარი მაშინვე აცნობეს.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ბევრს ჩვენსავით ჰქონდა იმედი, რომ ქართველი სამხედრო ცოცხალი აღმოჩნდებოდა და ხელისუფლება ყველაფერს იღონებდა სამშობლოში მის დასაბრუნებლად.

ავღანეთში დაკარგული სამხედროს საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად გაიგზავნა გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

ცოტა ხანში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ISAF-ის მეთაურობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ქართველი სამხედრო, სავარაუდოდ, ცოცხალი უნდა ყოფილიყო, თუმცა 29 დეკემბერს, დღის ბოლოს, სპეციალურ ბრიფინგზე მან დაკარგული სამხედროს გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

როგორც ახლა ირკვევა, 19 დეკემბერს დაკარგული სერჟანტი გიორგი კიკაძე რამდენიმე დღე ტყვედ იყო, შემდეგ კი იგი დახვრიტეს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ყველა ოფიციალური პირი თავს არიდებს იმაზე საუბარს, როგორ და რატომ მოხვდა ქართველი სამხედრო თალიბების ტყეობაში მაშინ, როდესაც არც ქვეით პატრულსა და არც ჯავშანმანქანების ეკიპაჟებზე თავდასხმა არ მომხდარა.

არც ჩვენ გვსურს, გამოძიებას გავუსწროთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა - ქართველ სერჟანტს არ უნდა დაეტოვებინა ბაზა, მით უმეტეს, სამხედრო ფორმით.

იმის გარკვევა, რატომ გავიდა ქართველი სამხედრო ბაზიდან, გამოძიების პრეროგატივაა, ერთი რამ კი ცხადია - ავღანეთში მყოფ ქართველ მებრძოლთა დისციპლინის ამაღლება აუცილებელია, რათა თავი არ იჩინოს იმ საშიშმა ტენდენციამ, რომელზეც ჯერ კიდევ ერაყის კამპანიის დროს ვსაუბრობდით...

გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქცია თანაუგრძნობს გიორგი კიკაძის ოჯახსა და ახლობლებს.

რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში?

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი 2009 წლის შემოდგომიდან ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს. თავდაპირველად ქართული კონტინგენტის პირად შემადგენლობაში 173 კაცი იყო, დღეისათვის ეს რიცხვი თითქმის 10-ჯერ გაიზარდა და 1600-ს აღწევს... სამი წლის განმავლობაში (2013 წლის 4 იანვრის მონაცემებით) ავღანეთში 19 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა ბოლო დრომდე უცნობი იყო დაჭრილთა რაოდენობა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა ვერ მალავდა ავღანეთში დაღუპულებს, მაგრამ დაჭრილთა რაოდენობას ასაიდუმლებდა.

თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ, საბედნიეროდ, შეცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა, რის შედეგადაც ზოგიერთი ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება არ შეიძლებოდა, საჯარო გახდა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გამოაქვეყნა ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისას დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა სია, რომელიც მას, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციამ 2012 წლის ბოლო დღეს მიაწოდა. ამ ცნობის თანახმად, 2012 წლის 26 დეკემბრის მონაცემებით, ავღანეთში დაჭრილი იყო 93 ქართველი სამხედრო, მათ შორის 20 - 2010 წელს, 44 - 2011 წელს, ხოლო 29 - 2012 წელს.

როგორც ვხედავთ, "კვირის პალიტრის" წინა ნომრებში გამოთქმული ჩვენი ვარაუდი, რომ ავღანეთში დაჭრილი იქნებოდა დაახლოებით 100 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, სიმართლესთან ახლოს იყო.