პენტაგონის ახალი შეფი ირანზე შეტევას არ დაუშვებს? - კვირის პალიტრა

პენტაგონის ახალი შეფი ირანზე შეტევას არ დაუშვებს?

განახორციელებს თუ არა ისრაელი წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ირანის ატომურ ობიექტებზე, დამოკიდებულია იმაზე, ვინ დაინიშნება აშშ-ის თავდაცვის მინისტრად.

ერთი შეხედვით, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ არა აშშ-ის პრეზიდენტის - ბარაქ ობამასა და მისი გუნდის წინააღმდეგობა, ისრაელი ირანის ატომურ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმას ჯერ კიდევ ერთი-ორი წლის წინ განახორციელებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ბარაქ ობამას მეორე ვადით არჩევა ამცირებს ისრაელის ხელისუფლების იმ ფრთის იმედს, რომელსაც ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება სურს. თუმცა ისრაელის სურვილი - გაანადგუროს ირანის ატომური ობიექტები - გასაგებია, რადგან რაც დრო გადის, ირანს ეს ობიექტები (ცენტრიფუგები, ქიმიური ლაბორატორიები და სხვა) მიწის ქვეშ, დიდ სიღრმეში გადააქვს, რომელთა განადგურებას მალე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაატომური ამერიკული მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტებიც ვეღარ შეძლებს.

ბარაქ ობამა აშშ-ში დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მქონე ებრაულ ლობის ახალ გამოწვევას უგზავნის - ის პენტაგონის ახალი შეფის პოსტზე ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის - ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკ ჰეიგელი რესპუბლიკური პარტიის წევრია, იგი ჩვენთვის კარგად ცნობილი ამერიკელი რესპუბლიკელის, მაკკეინისგან განსხვავებით, ომებისა და მილიტარიზაციის წინააღმდეგია. მან ვიეტნამის ომის არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და მაკკეინზე არანაკლებ (უფრო მეტადაც, რადგან მაკკეინი ერთ-ერთი პირველი საბრძოლო გაფრენისთანავე ჩამოაგდეს და მას შემდეგ, ომის ბოლომდე, ტყვეობაში იმყოფებოდა) იცის ომის მთელი საშინელება.

ჩაკ ჰეიგელის პენტაგონში გამოჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება AIPAC-ი (საზოგადოებრივი კავშირების ამერიკა-ისრაელის კომიტეტი), რომელიც აშშ-ში ცნობილია, როგორც ებრაული ლობი.

ამ კომიტეტის წევრებისთვის ნათელია, რომ ჩაკ ჰეიგელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ პრეზიდენტ ბარაქ ობამას გაუჩნდება მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური საყრდენი და ისინი გაერთიანებული ძალებით ყველაფერს გააკეთებენ, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმა არ განახორციელოს, რაც შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გასცდება...

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, სულერთი ნამდვილად არ არის, რა მოხდება უახლოეს მომავალში ჩვენგან სულ რაღაც 180 კმ-ით დაშორებულ ირანში. თუმცა აქ მთავარი მანძილი არ გახლავთ - ისრაელის ირანზე თავდასხმისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებით აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში თავისი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ყველა ღონეს იხმარს...