ვეტერანები მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან... - კვირის პალიტრა

ვეტერანები მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან...

"2013 წელი ვეტერანებზე ზრუნვის წელი გახდება" - გვპირდება თავდაცვის უწყება...

"სახელმწიფო დაიწყებს ზრუნვას ჯარზე და 2013 წელი ვეტერანების წელი - მათ ოჯახებზე ზრუნვის წელი იქნება" - ასეთი დამაიმედებელი განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა 2013 წლის იანვრის დასაწყისში, ორ წლისთავზე იმ სამარცხვინო დარბევიდან, რომელიც ყოფილმა მთავრობამ გმირთა მოედანზე, მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანებს მოუწყო.

ერთი არბევს, მეორე დახმარებას ჰპირდება! თუმცა იანვრის ბოლომდე გამოჩნდება, მართლაც გაუმჯობესდება თუ არა ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობა.

სავარაუდოდ, ვეტერანთა დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (სადაც ყოფილმა მთავრობამ ერთი წლის წინ "გაამწესა") სტრუქტურა აღარ იქნება, ის ჯანდაცვის უწყებას დაუბრუნდება და მეტი ყურადღება დაეთმობა საშუალო ასაკის ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

წინა მთავრობის ზოგიერთი წევრი რატომღაც თვლიდა, რომ 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები შევარდნაძის ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, საქართველოს ისტორია კი 2003 წლის ნოემბრიდან - "ვარდების რევოლუციით" იწყებოდა.

ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების  შემთხვევაში ძალზე აქტუალური გახდება საკითხი - უნდა მიენიჭოთ თუ არა ომის ვეტერანის სტატუსი, მაგალითად, 2004 წლის ცხინვალის მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებს და რა შეღავათებით უნდა ისარგებლონ მათ.

გასარკვევია საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსიც. ასეთ ოპერაციებში საქართველო 1999 წლიდან მონაწილეობს და კოსოვო, ერაყი და ავღანეთი ათასობით სამხედრომ მოიარა.

თუკი კოსოვოში ნაკლებად საშიში სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობდა, ერაყსა და მით უმეტეს - ავღანეთში ქართველი სამხედროები სახიფათო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

მიიღებენ თუ არა ისინი ომის ვეტერანის სტატუსს?

თუკი 2004 და 2008 წლების მოვლენების, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების მონაწილეებს ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭებათ, თითქმის გაორმაგდება ომის ვეტერანთა საერთო რაოდენობა და ამ ციფრმა შეიძლება 100 ათასს გადააჭარბოს.

შეძლებს კი ქვეყნის ბიუჯეტი ასეთი ხარჯების გასტუმრებას, თუკი დაპირების თანახმად, ვეტერანის 22-ლარიანი ყოველთვიური შეურაცხმყოფელი დახმარება უფრო სოლიდური გახდება?!