გაწვევით თუ მხოლოდ კონტრაქტით? - კვირის პალიტრა

გაწვევით თუ მხოლოდ კონტრაქტით?

ქართული არმიის მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეებით დაკომპლექტება არც ისე ადვილი იქნება

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას გააცნო ახალი ინიციატივა - 2016 წლისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიძლება მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეებით იყოს დაკომპლექტებული და იმ დროისთვის საერთოდ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

პირველ ეტაპზე სავალდებულო სამხედრო სამსახური 15-დან 12 თვემდე შემცირდება. საგულისხმოა, რომ წინა ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ პირიქით, ეს ვადა 12-დან 15 თვემდე გაზარდა.

უდავოა, რომ ახალგაზრდა, რომელიც ოთხწლიან ან უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს, შესაბამისი მოტივაციის პირობებში არმიაში უფრო მონდომებით იმსახურებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, გვინდა თუ არა ამის აღიარება, ფულადი ანაზღაურებაა.

მეორე მხრივ, კონტრაქტით მომსახურე, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცისგან განსხვავებით, მატერიალურადაც არის პასუხისმგებელი და იცის, თუკი რამეს დააშავებს, აუცილებლად დაჯარიმდება.

თუმცა არმიის მთლიანად საკონტრაქტო მომსახურეებით დაკომპლექტება, ფინანსური თვალსაზრისით, დიდ ტვირთად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას და წინასწარი გათვლაა საჭირო, რა რაოდენობის შეიარაღებული ძალების არა მარტო შენახვა, არამედ სათანადო დონეზე საბრძოლო მომზადება შეუძლია საქართველოს ბიუჯეტს.

ამასთან, არმიაში არის რიგი სპეციალობები, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, ასეთია, მაგალითად, ლოჯისტიკის სამსახურში ნაკლებად კვალიფიციური სამუშაოების შესრულება ან შენობების დაცვისას განაწესში ავტომატით დგომა. ამგვარი დავალებების შესრულებაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტით მომსახურის მოცდენა არარენტაბელურია; იმავე დავალების შესრულება ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცსაც შეეძლება, რაც სამხედრო ბიუჯეტის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

სამაგიეროდ, რთულ საბრძოლო და სატრანსპორტო ტექნიკასთან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცის მიშვება მართებული არ არის - ასეთ ძვირად ღირებულ ტექნიკას მხოლოდ კონტრაქტით მომსახურე მომზადებული სამხედროები უნდა ემსახურებოდნენ.

და ერთიც - ხშირად გაიგონებთ, რომ ჯარი პროფესიონალური გახდება, თუკი იქ მხოლოდ კონტრაქტით იმსახურებენ. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან საკონტრაქტო ჯარი თავისთავად პროფესიონალურ არმიას არ ნიშნავს. პროფესიონალების აღზრდას უწყვეტი წვრთნა და სწავლება სჭირდება, პროფესიონალური არმიის შექმნას კი - სწორი ორგანიზაცია...