ევროპა ცხინვალს კოსმოსიდან დააკვირდება... - კვირის პალიტრა

ევროპა ცხინვალს კოსმოსიდან დააკვირდება...

აბა, შიგნით არ უშვებენ და, რა ქნან

2008 წლის ოქტომბრიდან საქართველოში იმყოფება ევროკავშირის 200-მდე წარმომადგენელი, რომელთაც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის ზონებში მონიტორინგი უნდა ჩაეტარებინათ.

დღეს ეს კონფლიქტური ზონები ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული და იქ ევროკავშირის მეთვალყურეებს ახლოსაც არ აკარებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონების საზღვრებს ქართული მხრიდან მხოლოდ ბინოკლებით უყურებენ და რაიმე მონიტორინგის განხორციელებაზე ლაპარაკიც არ არის.

გამოდის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში აზრი ეკარგება.

ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად, ოფიციალური თბილისის შეთავაზებით, განიხილება საკითხი, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები იმის გასაგებად, თუ რა ხდება ყველასთვის ჩაკეტილ "თეთრ ლაქებში" - დაპყრობილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს-იონგ ჰაბერი აცხადებს, რომ კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრი მთლიანად ვერ შეცვლის მიწაზე განხორციელებულ მონიტორინგს, მაგრამ სულ არაფერს ისევ ეს სჯობს და ევროკავშირს ექნება დოკუმენტური მასალები, თუ რა მშენებლობები მიმდინარეობს კონფლიქტის ზონებში, საით გადაადგილდება სამხედრო კოლონები.

ჯერ საბოლოოდ ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი, როდის შეუდგება ევროკავშირი საქართველოს კონფლიქტური ზონების კოსმოსურ მონიტორინგს. შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება საერთოდ არც მიიღონ, რადგან ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ვეტო დაადოს მას.

მათი ვეტოს მიზეზი შეიძლება ორმხრივი იყოს - ეკონომიკური და პოლიტიკური.

კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების გამოყენება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალთ არ სურთ, მილიონები საქართველოს პრობლემებს დაახარჯონ. ამასთან, სადაზვერვო თანამგზავრები ევროკავშირს, ისევე როგორც NATO-ს, ავღანეთის თავზე უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს "თეთრი ლაქების" დასაზვერად.

პოლიტიკური მიზეზით უარის თქმა პირდაპირ კავშირში იქნება რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებასთან. "ბებერი" ევროპა, რომელიც ამ ზამთარსაც ძირითადად რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული, არ მოისურვებს, რუსულმა "დათვმა" ერთი საათით მაინც გამოურთოს ბუნებრივი აირი ბერლინისა თუ ბრიუსელის დიასახლისების გაზქურებს.

წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით კი, მეტად საეჭვოა, კოსმოსური მონიტორინგის შედეგები წარმატებულად ჩაითვალოს.

მართალია, თანამედროვე კოსმოსურ სადაზვერვო თანამგზავრებს შეუძლიათ დედამიწაზე დააფიქსირონ თითოეული ადამიანიც კი (მაგალითად, ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრი KH-11 ათასი კმ სიმაღლიდან მიწაზე 0,6-1,5 მ სიგრძის დეტალებს არჩევს), მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება, რომ სადაზვერვო თანამგზავრი მუდმივად საქართველოს თავზე იყოს "ჩამოკიდებული". ტექნიკურად ეს მაშინ არის შესაძლებელი, თუკი თანამგზავრს გეოსტაციონარულ ორბიტაზე (დაახლოებით 35 000 კმ დედამიწიდან) გადაიყვანენ, რაც ასევე დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

სადაზვერვო თანამგზავრები ძირითადად 200-500 კმ-ის სიმაღლეზე დაფრინავენ და დედამიწას გარს 1,5 სთ-ში შემოუფრენენ.

ასე რომ, ევროკავშირის სადაზვერვო თანამგზავრი საქართველოს "თეთრ ლაქებს" - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - სულ რაღაც 5-10 წუთში გადაუფრენს და ამ მცირე პერიოდში ძალიან ძნელია, რაიმე მნიშვნელოვანი მონიტორინგის ჩატარება.

ამასთან, რუსეთის სამხედრო დაზვერვას უთუოდ ექნება ზუსტი მონაცემები, თუ როდის გამოჩნდება ცხინვალისა და სოხუმის თავზე ევროკავშირის სადაზვერვო თანამგზავრი და დროის ამ მონაკვეთში რუსი ოკუპანტები და ადგილობრივი სეპარატისტები აქტიურ ქმედებებს დროებით შეაჩერებენ.

საქართველოს "თეთრ ლაქებს" - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ისევე, როგორც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს და რუსეთის ჩრდილო კავკასიას ამერიკული და NATO-ს კოსმოსური ხელოვნური თანამგზავრები ისედაც მუდამ ზვერავენ (მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა დააფიქსირეს რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების Точка-სა და Искандер-ების 15 სტარტი, როდესაც ისინი რუსმა სამხედროებმა ესროლეს ქართულ ქალაქებს, მათ შორის გორსა და ფოთს), უბრალოდ, ამის აფიშირება არ ხდება.

დასავლეთის დაზვერვას აინტერესებს, თუ რა რუსული სამხედრო ძალები განთავსდა ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით კი აფხაზეთში, რადგან აფხაზეთიდან შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილის გაკონტროლება შეიძლება

P.S. სანამ ევროკავშირი გადაწყვეტს, კოსმოსიდან უთვალთვალოს თუ არა ცხინვალსა და სოხუმს, მისი დამკვირვებლები თბილისი-გორის ტრასაზე დადგებიან და სათითაოდ დაითვლიან ქართული არმიის ჯავშანტექნიკასა და სატვირთო ავტომობილებს.

ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წინასწარ შეატყობინა, რომ 19-25 ნოემბერს ქართული არმიის დანაყოფები დიდ გადაადგილებებს განახორციელებდნენ თბილისის, გორისა და ბაზალეთის მიმართულებით.

ეს, ცხადია, ცუდი სულაც არ არის, რადგან ამით არ მიეცემათ საშუალება სეპარატისტულ ცხინვალს და მის მხარდამჭერ მოსკოვს, ბრალი დაგვდონ შიდა ქართლისკენ ჯარების და საბრძოლო ტექნიკის "ჩუმად" გადასროლაში.

ჩვენი ინფორმაციით, გორში გადადის თავდაცვის ეროვნული აკადემია, რომელიც ბოლოს ფონიჭალაში იყო.

გორს დატოვებს პირველი ქვეითი ბრიგადა და მის ადგილზე მეხუთე ბრიგადა დადგება. პირველი ქვეითი ბრიგადა კი ვაზიანისკენ გადმოინაცვლებს. დაგეგმილია კიდევ სხვა დისლოკაციური ცვლილებებიც.

საკამათოა, რამდენად გამართლებულია თავდაცვის ეროვნული აკადემიის გადატანა თბილისის გარეუბნიდან გორში.