რატომ დაფრინავენ რუსული უპილოტო მზვერავები დაუსჯელად - კვირის პალიტრა

რატომ დაფრინავენ რუსული უპილოტო მზვერავები დაუსჯელად

ახალგორის რაიონიდან გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავები დაუსჯელად ზვერავენ ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის

დედაქალაქის - თბილისის სიახლოვესაც და ეს სადაზვერვო ფრენები თანდათანობით უფრო ინტენსიური ხდება.

ბევრს ემახსოვრება 2008 წლის გაზაფხულის პერიპეტიები, როდესაც ქართული უპილოტო სადაზვერვო "ჰერმესები" (სამი) რუსულმა გამანადგურებელმა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა გალის რაიონის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოაგდეს.

დღეს რუსი სამხედროები სამაგიეროს გვიხდიან და ისე გათავხედდნენ, რომ თბილისის სიახლოვესაც დაბოგინობენ.

თუკი არ შეგიძლია აღკვეთო მცირე სიჩქარით მფრენი უპილოტო საფრენი აპარატის "ნავარდი" შენი დედაქალაქის სიახლოვეს, მაშინ როგორ შეებრძოლები ზებგერითი სიჩქარის მქონე რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებსაც ჩრდილო კავკასიიდან თბილისამდე მოსაღწევად 5 წუთი ჰყოფნით?!

თუკი მეტისმეტად ობიექტური ვიქნებით, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე ზომის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის აღმოჩენა და, მით უმეტეს, ჩამოგდება, საკმაოდ ძნელია. ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის შიგაწვის ძრავა მცირე სითბურ ეფექტს გამოყოფს, რის გამოც მისი "ჩაჭერა" სითბური დამიზნების გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს - "იგლას" ან "გრომს" - უჭირთ. ამასთან, ძირითადად პლასტმასისკორპუსიანი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და მათთვის რაკეტების დამიზნება უძნელდებათ რადიოლოკაციურ სადგურებსაც, რადგან კომპოზიციური მასალებით დამზადებული უპილოტოების შემჩნევა რთულია.

ასეთ დროს აჯობებდა შვეულმფრენის აფრენა, რომელიც ჰაერში ვიზუალურად აღმოაჩენდა უპილოტო საფრენ აპარატს და შემდეგ ეკიპაჟი და დესანტი შვეულმფრენის გვერდითა ილუმინატორიდან გახსნილი ცეცხლით დააზიანებდა.

მაგრამ შვეულმფრენის გასაფრენად მომზადებას რამდენიმე ათეული წუთი სჭირდება (მით უმეტეს, თუკი ადგილზე არ არის მორიგე ეკიპაჟი), ამიტომაც უკეთესია გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ გვყავს...