ავღანეთი თავს ისევ მწარედ გვახსენებს... - კვირის პალიტრა

ავღანეთი თავს ისევ მწარედ გვახსენებს...

გასულ კვირას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა...

არ დავმალავთ - ყოველდღე შიშით ველით, რომ ავღანეთიდან, სადაც 1600-მდე ქართველი სამხედროა გაგზავნილი, მორიგ ცუდ ინფორმაციას მივიღებთ...

წინა კვირას თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის სამი წევრის დაჭრის შესახებ. კაპრალი ერეკლე ხარშილაძე და უმცროსი სერჟანტი იაგო კაკულია პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიჭრნენ - საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის და ისინი უკვე გადაყვანილი არიან გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში. მესამე ქართველი, რიგითი გურამ ჩიმახიძე კი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. იგი ჯერ იქვე, "ბასტიონის" ბაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მერე კი მის გაგზავნასაც გერმანიაში აპირებენ.

ავღანეთიდან მოსულ ამ ინფორმაციაში ცუდი მხოლოდ ის არ არის, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა არ მალავს ჩვენი სამხედროების დაჭრის ფაქტებს. სამწუხაროდ, ასეთი არასასურველი ინფორმაციებისგან არც მომავალში ვიქნებით დაზღვეული, რადგან წინა მთავრობამ ახალს საშიში "საჩუქარი" დაუტოვა - გასული წლის შემოდგომაზე ორჯერ გაზარდა ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა, რითაც ცხადია, გაიზარდა საფრთხეც, რომელიც ჩვენს სამხედროებს ემუქრება.

ამ ეტაპზე საფრთხის შემცირება მხოლოდ ორი გზით შეიძლება - ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა შეამციროს თავისი საბრძოლო აქტივობა ჰილმენდის პროვინციაში და დავიწყოთ თითქმის 1600-კაციანი შემადგენლობის ეტაპობრივი შემცირება.

არც აშშ-სა და მით უმეტეს, არც NATO-ს ენა არ მოუბრუნდებათ, ამის გამო გვისაყვედურონ. 2009 წლის შემოდგომიდან საქართველომ იმაზე მეტი წვლილი შეიტანა ISAF-ის ოპერაციაში, ვიდრე ოკუპირებულ და რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საშიშროების წინაშე მყოფ ქვეყანას შეეძლო.

შესაბამისად, დიდია ჩვენი გაღებული მსხვერპლიც - 19 დაღუპული და 96 დაჭრილი სამხედრო. თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი გაიზრდება, ამიტომაც დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.

ახალმა ხელისუფლებამ ბევრი რამ დაუწუნა ძველ მთავრობას და რაღაცების შეცვლა დაიწყო. რატომ არ შეიძლება, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციასთან დაკავშირებითაც რამე შეიცვალოს?

P.S. 26 იანვარს, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა ბრალდება წაუყენეს იმ რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ავღანეთში, სავარაუდოდ, სერჟანტ გიორგი კიკაძის დაღუპვასთან დაკავშირებით დააპატიმრეს და საქართველოში დააბრუნეს.